დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც მოიცავს ათეულობით გემს, რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტსა და სამხედრო დანიშნულების ტექნოლოგიების შესყიდვაში ჩართულ პირებსა და კომპანიებს.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სანქციები შეეხო რუსული კომპანია Yandex-ის საბანკო განყოფილებას, კიდევ ორ რუსულ ბანკს, ასევე ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდავ გემებს, რომლებიც, ლონდონის შეფასებით, რუსეთის ენერგეტიკული სანქციების გვერდის ავლას უწყობენ ხელს.
სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია Rosgosstrakh-იც.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ახალი ზომები მიმართულია იმ გემების, ფინანსური რესურსებისა და პირების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სამხედრო ეკონომიკას ამაგრებენ და ევროპული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.
სანქციები 20-ზე მეტ ნავთობტანკერსა და რამდენიმე თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდ გემს მოიცავს. ლონდონის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „დიდი შვიდეულის“ წევრმა ქვეყანამ სანქციები რუსეთის არქტიკული LNG 2-ის პროექტთან დაკავშირებულ გემებს დაუწესა.
ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, სანქციების სამიზნეა ასევე ფარული ქსელი, რომელიც კომპანია Neptune-ის გარშემო მოქმედებდა და რუსეთის თავდაცვის სექტორისთვის დასავლური ტექნოლოგიების მოპოვებას ცდილობდა. ლონდონის მტკიცებით, Neptune-ი რუსეთის სამხედრო დაზვერვის, GRU-ს, ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდა.
გარდა ამისა, ბრიტანეთმა უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების მხარდასაჭერად 210 მილიონი ფუნტის (დაახლოებით 280 მილიონი დოლარის) დაფინანსება გამოაცხადა. თანხის ნაწილი მოხმარდება უკრაინული სახელმწიფო ბირთვული ენერგოკომპანიის, Energoatom-სთვის გამდიდრებული ურანის მიწოდების სესხის უზრუნველყოფას.
