დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უოლესმა თქვა, რომ ახალ პაკეტში უკრაინისთვის Challenger 2-ის ტიპის 14 ტანკის, ასობით ჯავშანმანქანის, მათ შორის Bulldog-ის სახელით ცნობილი ჯავშანტრანსპორტების გადაცემაა დაგეგმილი.
სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში ასევე თვითმავალი ჰაუბიცები, 100 ათასი საარტილერიო და 100 მართვადი რეაქტიული ჭურვი შედის.
უოლესის თქმით, ახალი პაკეტი მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის შესაძლებლობებს, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, შეკავებიდან, რუსული ჯარების საკუთარი მიწიდან განდევნაზე გადავიდეს.
თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სხვა მოკავშირეები შეძლებენ უკრაინის სამხედროების Leopard 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკებით უზრუნველყოფას. მისი თქმით, ყველაფერი გერმანიაზეა დამოკიდებული, რომელიც ამ მანქანებს აწარმოებს.
"პოლონეთს დიდი სურვილი აქვს მიაწოდოს უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები, ისევე როგორც ფინეთს. ეს ყველაფერი ამჟამად გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. არა მხოლოდ იმაზე, მიაწვდიან თუ არა გერმანელები უკრაინას საკუთარ ლეოპარდებს, არამედ მისცემენ თუ არა ამის გაკეთების ნებართვას სხვებს. ჩემს გერმანელ კოლეგებს ამისკენ დაჟინებით მოვუწოდებ. გერმანიის ხელისუფლებაში ამჟამად მიმდინარეობს კამათი, არის ეს ტანკი შეტევითი თუ თავდაცვითი, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რისთვის იყენებ მას. თუ თქვენ მას იყენებთ თქვენი ქვეყნის დასაცავად, თავს დავდებ, რომ ეს არის თავდაცვითი იარაღის სისტემა. მეორეც, ეს არის საერთაშორისო კოალიცია", - თქვა უოლესმა.