logo
ENG



ბრიყვული მოთხოვნა - კანდელაკი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვს

11 ივლ 202012:04
3 წუთის საკითხავი
 

"ევროპული საქართველო" მთავრობას მოუწოდებს, გააუქმოს რეგულაცია, რომლის თანახმადაც ე.წ. გამწვანებული ქვეყნებიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს 2-კვირიანი კარანტინის სავალდებულო გავლა მოუწევთ.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კანდელაკმა განმარტა, მსგავსი ტიპის რეგულაცია დისკრიმინაციულია, რადგან სავალდებულო კარანტინის გავლა ე.წ. გამწვანებული ქვეყნის მოქალაქეებს არ მოუწევთ. 

გარდა ამისა, პარლამენტის დეპუტატის თქმით, უნდა გაფართოვდეს იმ ქვეყნების ნუსხა, საიდანაც მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლას შეძლებენ. კიდევ ერთი მოწოდება, რომელიც პარტიას აქვს, ავიაკომპანიებისთვის ფრენების იმ რაოდენობის შესრულებას ეხება, რომლებისთვის თავად კომპანიები მზად არიან. კანდელაკის განმარტებით, არიან კომპანიები, რომლებსაც კვირაში რამდენიმე რეისის შესრულების სურვილი აქვთ, თუმცა მისივე თქმით, მთავრობა მათ ფრენებს უზღუდავს. 

"ჩვენამდე მოდის ინფორმაცია, რომ ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს ზეწოლას ავიაკომპანიებზე, რომ მათ დანიშნონ რაც შეიძლება ცოტა ფრენები. მაგალითად ერთ-ერთ კომპანიას უნდა, რომ იფრინოს კვირაში 3-ჯერ, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრო ეუბნება მას, რომ იფრინოს კვირაში ერთხელ. ეს ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან დამაზიანებელი მიდგომაა. ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო ცოტა ადამიანი ჩამოვა საქართველოში. ამასთან, მთავრობა ინარჩუნებს ბრიყვულ, დისკრიმინაციულ მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეებისთვის. არანაირი ახსნა ამ გადაწყვეტილებას არ აქვს და ის ანტიკონსტიტუციურია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ დისკრიმინაციული კარანტინის მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც გამწვანებულ ქვეყნებში იმყოფებოდნენ, გაუქმდეს. ასევე მოვუწოდებთ მთავრობას გააფართოვონ იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა მოქალაქეებისთვისაც კარანტინის გარეშე შეეძლებათ შემოსვლა. ასევე მოვუწოდებთ მთავრობას სახმელეთო საზღვრის გახსნაზე თურქეთთან, რა თქმა უნდა კონკრეტული რეგულაციებით",- განაცხადა კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 5 ქვეყანასთან საზღვრები იხსნება. საუბარია გერმანიაზე, საფრანგეთზე, ლატვიაზე, ლიეტუვაზე და ესტონეთზე. 

 


close დახურვა