ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის მამიდა ადასტურებს, რომ რაფაელ მურსაკულოვი ქართული ოცნების წევრი იყო. ამის შესახებ მან ფორმულას განუცხადა.
მისივე თქმით, საქმის დეტალებს არ იცნობს და არ იცის, როდის დააკავეს მისი ძმისშვილი.
დღეს, 8 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც თქვეს, რომ ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული, 1988 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ფორმულამ გაარკვია, რომ დაკავებულია 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი, რომელიც ქართულ ოცნებასთან არის დაკავშირებული.
მურსაკულოვი Facebook-ზე უწერია, რომ ქართულ ოცნებაში მუშაობს, გარდა ამისა, ვრცელდება ფოტოები, სადაც ის ქართული ოცნების წევრებთან ერთადაა გამოსახული.
მკვლელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მას 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ბრუკი 30 ივლისს, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა. მისი ცხედარი მეორე დღეს, 31 ივლისს იპოვეს. ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, დანაშაულის ადგილზე კი დანა იპოვეს.