logo
ENG



ბუდანოვის თქმით, ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება

29 ოქტ 202216:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/29/bdawnlsvr1rl4uq.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

ბუდანოვი ამბობს, რომ ახლა ყველაზე დიდი საბრძოლო მზადყოფნა რუსულ ქვედანაყოფებში სწორედ ხერსონშია. მისი თქმით, მათი უმეტესობა არის რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარები, რუსული სპეცრაზმი და საზღვაო ქვეითები.

"ეს ქვედანაყოფები ქმნიან ჯგუფის ხერხემალს, რომელიც ასევე გაძლიერებულია მობილიზებული პერსონალით," - თქვა თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა.

ბუდანოვის ინფორმაციით, ხერსონის მიმართულებით დაახლოებით 40 000 რუსი ჯარისკაცი იბრძვის. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინის შეირაღებული ძალები რუსი ოკუპანტების ალყაში მოქცევას ცდილობენ.

"ისინი [რუსები] ცდილობენ ხელი შეუშალონ ჩვენს წინსვლას და თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ბრძოლები ყოველდღიურად მიმდინარეობს," - განაცხადა ბუდანოვმა.

ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გალინა ლუგოვაიას ცნობით, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ ხერსონს მიუახლოვდნენ, რუსებმა ევაკუაცია დაიწყეს. მისი თქმით, ახლა ქალაქში უფრო მეტი ოკუპანტია, ვიდრე მშვიდობიანი მოსახლეობა.


close დახურვა