უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსებს ფართომასშტაბიანი შეტევისთვის რამდენიმე რაკეტა აქვთ დარჩენილი.
"რუსეთის ფედერაციის მაღალი სიზუსტის იარაღის მარაგი უკვე დასასრულს უახლოვდება. ისინი [რუსები] დიდი ხანია კრიტიკულ მდგომარეობაში არიან. თუმცა, როგორც ვხედავთ გადაწყვიტეს ბოლომდე, ნულამდე წასვლა", - თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა.
5 დეკემბერს, რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონში და მათ შორის კიევში მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო თავდასხმები მოხდა ზაპოროჟიეში, ვინიცაში, ჩერკასში, ოდესაში, პოლტავასა და დნეპროპეტროვსკში.
უკრაინის საჰაერო ძალებმა 60-ზე მეტი რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. კიევის, ვინიცასა და ოდესას რეგიონებში სარაკეტო დარტყმები ენერგეტიკულ ობიექტებზე მოხდა. კერძოდ, ოდესას რეგიონში ორი ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა.