logo

ბუთხუზი: სავარაუდოდ, ჯანდაცვამ მოხალისეთა აცრის ინიციატივა დაბლოკა

05 აპრ 202118:34
3 წუთის საკითხავი
clock 306
2021/04/05/31h012z5847g84o.jpg
ბიოლოგი ლევან ბუთხუზი ვარაუდობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მოხალისეთა აცრის ინიციატივა დაბლოკა. როგორც ბუთხუზი სოციალურ ქსელში წერს, მას  ჯანდაცვის სამინისტროდან აღნიშნულ ინიციატივაზე არანაირი პასუხი არ მიუღია.
 
"მეგობრებო, მანდა მოკლედ შევაჯამო ვაქცინაციის ჩვენი კამპანიის ფარგლებში გაკეთებული საქმე და პატარა ანგარიშიც ჩაგაბაროთ.
 
გახსოვთ, რომ განისაზღვრა ამოცანა დავხმარებოდით საქართველოს მოსახლეობას და დაგვერწმუნებინა ჩვენი თანამოქალაქეები აცრის უსაფრთხოებაში; ასევე გახსოვთ ჩვენი მოტივაცია - იმ დღეებში კატასტროფულად დაბალი იყო ექიმთა მიმართვიანობა ოქსფორდ-ასტრაზენეკაზე (ფაიზერი ჯერ არ იყო). თან მოხდა ცნობილი ტრაგიკული შემთხვევა ახალციხეში. შედგა წინასწარი სია ადამიანებისა, რომლებიც მზად იყვნენ მონაწილეობა მიეღოთ საჯარო აცრებში. მყისიერად გამოგვეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრი (NCDC) და შედგა ჩვენი სოლიდარობის მოძრაობის და მათი შეხვედრა. ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 50 მოხალისის მაგივრად აიცრებოდა 210 ადამიანი.
 
NCDC-ს გადავუგზავნე ხედვა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო კამპანია დროში ეფექტურად და სწრაფად. ჩვენი ინიციატივა ხაზგასმით იყო მხარდაჭერილი, თუმცა, გაგვაფრთხილეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სამინისტროს შესაბამისი უწყება. დრო რომ არ დაკარგულიყო და მხოლოდ NCDC რომ არ ყოფილიყო ჩვენი "ლობისტი", ჩვენც გადავწყვეტთ მიგვეწვდინა ხმა მინისტრისთვის და დავუკავშირდით სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, რადგან დრო იჭიმებოდა, ვთხოვეთ ან თანხმობა ეთქვათ ან დასაბუთებული უარი. სამწუხაროდ, (არ მომერიდება ამ სიტყვების) სამინისტრომ ფეხებზე დაიკიდა თავისი პირდაპირი საჯარო მოვალეობა და 974 ჩვენი ენთუზიასტი მოქალაქე (ამ ჯგუფის წევრები, რომელთა სახელით მე მათ ვესაუბრებოდი). ანუ, ამ სამთავრობო უწყებამ (სამინისტრომ) რეაგირების ღირსადაც კი არ ჩაგვთვალა! ცნობისთვის, გატყობინებთ, რომ შესაბამისმა ადრესატმა გაგზავნილი წერილი არამარტო მიიღო, არამედ გახსნა და სავარაუდოდ წაიკითხა კიდეც (შეტყობინებას დაეწერა "seen”).
 
ამ დროს, ოქსფორდ-ასტრაზენეკის და ფაიზერის დანარჩენი დამატებითი პარტიების მაგივრად შემოვიდა ორი ტიპის ჩინური ვაქცინა, რომელიც ელის საერთაშორისო აღიარებას. სავარაუდოდ, ეს ვაქცინა იქნება განკუთვნილი საქართველოს 18-54 წლის მოქალაქეებისთვის. აქვე ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო NCDC-ს და მის ხელმძღვანელს, რომელიც ვიცი, რომ მხურვალედ მხარს უჭერდა სოლიდარობის მოძრაობას. სავარაუდოდ, სამინისტრომ "დაბლოკა" ინიციატივა და არც აგვიხსნა რატომ",- წერს ბუთხუზი.
 
ცნობისთვის, ლევან ბუთხუზმა მოხალისეთა აცრის კამპანია დაიწყო, რაც 100 ადამიანის საჯაროდ აცრას გულისხმობს. ბუთხუზი მთავრობას აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში დახმარებას სთხოვდა. მისი თქმით, მოხალისეთა აცრის კამპანია ქვეყანაში  Covid-19-ის წინაააღმდეგ ვაქცინაციის წარმატებით დანერგვას შეუწყობდა ხელს.
 
close დახურვა