„ფაქტია, რომ ეს არის მედიასივრცის კონტროლირების მცდელობა“, - ამის შესახებ განცხადება „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა. მან ტელევიზიების წარმომადგენლების გამოკითხვაზე დაბარება შეაფასა.
ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ მედიასივრცესთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედებები დემოკრატიული და სამართლიანი იქნება.
„დაველოდოთ პროკურატურის გამოკითხვის შედეგებს. მე ვფიქრობ, რომ მიმდინარე მოვლენებს ნებისმიერი მოქალაქე უნდა დააკვირდეს - პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი. იმიტომ, რომ მედიის თავისუფლება, იმის მიუხედავად, მოგწონს თუ არა ესა თუ ის მედიასაშუალება, რას ამბობს ან როგორ მაუწყებლობს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის თითოეული ჩვენგანის თავისუფლების გარანტია.
იმედი მინდა ვიქონიო, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, მედიასივრცესთან დაკავშირებული მისი ქმედებები იყოს დემოკრატიული, სამართლიანი და კითხვებს არ აჩენდეს,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
პროკურატურამ უკვე გამოკითხა ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორი ზურაბ გუმბარიძე, ამავე ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი.
გამოკითხვაზე „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ-ფაქტუმის“ წამყვანი გიორგი გაბუნიაც არის დაბარებული, რომელიც პროკურატურაში უწყებაში 7 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს.