ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ციხეების თანაშრომლების და პატიმრების დიდი ნაწილი აცრილია და ამ პირობებში კორონავირუსის გადაცემის ალბათობა დაბალია.
ის ფორმულას მიერ გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ საპატიმრო დაწესებულებებში ბევრ პატიმარს დაუდასტურდა კორონავირუსი და რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდა.
ფორმულას ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდათ აცრილ პატიმრებსაც. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ამ საკითხზე არაფერი უთქვამს.
"ჩვენ მაისის ბოლოდან ვმუშაობთ პენიტენციურ სისტემაში ვაქცინაციის პროცესზე. ერთხელ ვაქცინირებული პატიმრების 66%-ია, ორჯერ აცრილი 55%-ზე მეტი. რაც შეეხება თანამშრომლების ვაქცინაციას, თანამშრომლების ვაქცინაცია კიდევ მანამდე, აპრილის ბოლოდან დაიწყო. თანამშრომლების 80%-ზე მეტია ერთხელ ვაქცინირებული და დაახლოებით 62%-ია ორჯერ ვაქცინირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ამგვარი ვაქცინაციის პირობებში, ინფექციის გადაცემის ალბათობა საკმაოდ დაბალია". - თქვა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნია ამბობს, რომ ციხეებში პატიმრების ნაწილი მართლაც დაინფიცირდა და ამისთვის კლინიკების მობილიზაციაც მოხდა.
"იყო გარკვეული შემთხვევები, ჩვენთვის ცნობილია, ამისთვის მოხდა კლინიკების მობილიზაცია, რომ თუ საჭიროება დადგება, მოხდეს პატიმრების გადმოყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში და მათი მკურნალობა. სიტუაცია სრულად კონტროლირებადია. ჩვენ რაიმე განსაკუთრებული საჭიროება პენიტენციურ სამსახურთან მიმართებით არ გვაქვს". - თქვა მინისტრის მოადგილემ.
გაბუნიასვე თქმით, მას უჭირს ინფიცირებული პატიმრების ზუსტი რიცხვის დასახელება, რადგან ეს პენიტენციური სამსახურის კომპეტენციაა.
ფორმულა უკვე რამდენიმე დღეა, ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კორონავირუსი გავრცელდა და ვითარება გართულდა. ამის შესახებ პატიმრების ოჯახის წევრები და ადგოკატები ყვებიან.
პენიტენციური სამსახური ციხეებში არსებული ვითარების შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.