logo
ENG



გაბუნია: სტაბილიზაცია შევინარჩუნოთ და თუ ჩამოვცდებით 2000-ს, ვიფიქროთ ტრანსპორტის აღდგენაზე

01 სექ 202118:18
3 წუთის საკითხავი
 
გაბუნია: სტაბილიზაცია შევინარჩუნოთ და თუ ჩამოვცდებით 2000-ს, ვიფიქროთ ტრანსპორტის აღდგენაზე
საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ვიდრე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2000-ს არ ჩამოსცდება, მანამდე ტრანსპორტის აღდგენაზე საუბარი ძნელი იქნება. ამაზე მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

გაბუნიას თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებისას კი, უნდა გააქტიურდეს ტესტირება და რეგულაციების დაცვა.

"სულ მცირე სტაბილიზაცია უნდა შევინარჩუნოთ და თუ ჩამოვცდებით 2000-ს მაინც, რაც ჩვენთვის პიკი იყო გასული ტალღის პერიოდში, უკვე შესაძლებელია, რომ მეტად თამამად ვიფიქროთ ტრანსპორტის აღდგენაზე და კიდევ სხვა სოციალური ღონისძიებების აღდგენაზეც. აქაც გარკვეული დათქმებით, რადგან ისევ რეგულაციის დაცვა, ვაქცინაციის სტატუსის მეტად აქტიური მონიტორინგი და პისიარ ტესტირება იქნება ის აუცილებელი პირობები რაც საშუალება მოგვცემს მეტად გავაქტიურდეთ. ​ვიდრე თუნდაც დღევანდელი შემთხვევების განახევრება არ გვექნება, ძალიან რთული იქნება იმაზე საუბარი, რომ დავაბრუნოთ თუნდაც ტრანსპორტის ნორმალური მუშაობა", - თქვა გაბუნიამ.

საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იყო აკრძალული, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს შეზღუდვა გაგრძელდა და ტრანსპორტზე შეზღუდვა 13 სექტემბრამდე მოქმედებს. 

ასევე, აკრძალულია მასშტაბური ღონისძიებები და ფესტივალები. რესტორნები კი მუშაობას 22:00 საათზედ ასრულებენ. 

1 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის  3 886 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 74 ადამიანი გარდაიცვალა.


close დახურვა