ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ჩინური ვაქცინის, სინოფარმის 100 ათასი დოზა საქართველოში ხვალ ჩამოვა.
გაბუნიას თქმით, გუშინ, 1-ლ აპრილს განახლდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის კალენდარი, ქვეყანამ კი სინოფარმი შეიძინა იმ დაშვებით, რომ ის აპრილის ბოლომდე WHO-ს ნებართვას მიიღებს.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია და შემდეგ რომელიმე მკაცრი მარეგულირებლის აღიარება. დღემდე მოდერნასაც, ბევრი ქვეყანა იყენებს, თუმცა, არ აქვს WHO-ს ავტორიზაცია. დღეს გლობალურად ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა არის ძალიან რთული. ამიტომ, ნებისმიერი პოტენციური ვაქცინა, რომელიც დაგვეხმარება ვაქცინაციის პროგრამის შესრულებაში, მნიშვნელოვანია.
ჩვენ სინოფარმი შევიძინეთ იმ დაშვებით, რომ ის აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას მიიღებს". - თქვა გაბუნიამ.
მისივე თქმით, სინოფარმით ვაქცინაციის დასაწყებად ქვეყანა მომდევნო კვირიდან იქნება მზად, თუმცა, ჯანდაცვის უწყება დაელოდება WHO-ს ავტორიზაციას.
"ვსაუბრობთ 2-კვირიან პერიოდზე". - თქვა გაბუნიამ.
ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია ბრიტანული ასტრაზენეკას და გერმანულ-ამერიკული ფაიზერით არის შესაძლებელი.
5 აპრილიდან ვაქცინაცია 55 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებს შეეძლებათ.