logo
ENG



გაბუნია სწავლაზე: რა მოხდება 1-ელ ოქტომბერს, ამაზე პასუხი შეიძლება 1 კვირის თავზე გვქონდეს

14 სექ 202021:14
3 წუთის საკითხავი
clock 1911
78w55xc9lks7xv9.png

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბათუმში მოგზაურობის ისტორიის მქონე მასწავლებლების ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს. 

როგორც გაბუნიამ პალიტრანიუსის გადაცემაში განმარტა, პედაგოგები რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ და ვირუსის სკოლებში გავრცელება დამაზიანებელი იქნება.   

"ზოგადად სკოლების გახსნა მარტო ჩვენთვის არა, ბევრი ქვეყნისთვის არის გამოწვევა და ყოველთვის ითვლება, რომ რისკის შეფასების საფუძველზე უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე, ჩაითვალა ეპიდემიური ანალიზის საფუძველზე, რომ ჩვენ გვაქვს კრიტიკული მომდევნო ორი კვირა და ეს გადავადება მოხდა პირველ ოქტომბრამდე. ჩვენ დღეს აქტიურად ვაკეთებთ ბათუმში ნამოგზაურები მასწავლებლების ტესტირებას იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ჯგუფი რისკის. ამ შემთხვევაში, სკოლაში ინფექციის გავრცელება გამოიწვევს სერიოზულ დამაზიანებელ შედეგებს", - განაცხადა გაბუნიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე - არის თუ არა შესაძლებელი, რომ სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში ვერც 1-ელ ოქტომბერს დაიწყოს, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ კითხვაზე უფრო ნათელი პასუხი ერთ კვირაში იქნება. 

"ეპიდემია დინამიური პროცესია. ჩვენ გარანტირებულად გვქონდა იმის იმედი, რომ 15 სექტემბერს დავიწყებდით სწავლას საკლასო ოთახებში. დავიწყებთ სწავლას საკლასო ოთახებში რიგ რეგიონებში, მაგრამ უნდა დავიცადოთ სხვა რეგიონებში და დავაკვირდეთ. დღეს ჩემგან იმის თქმა, ეს რამდენად რეალისტურია ან არ არის რეალისტური, არასერიოზული იქნება. უნდა დაველოდოთ, რადგან ახლა ვართ ძალიან აქტიურ ფაზაში ინფექციის კონტროლის. ამდენად, დავიცადოთ ახლა და უფრო უკეთესი პასუხი შეიძლება ერთ კვირის თავზე გვქონდეს თუ რა მოხდება პირველ ოქტომბერს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ქუთაისში, გორში რუსთავსა და ფოთში სასწავლო დაწესებულებებში სწავლის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში დაიწყება სწავლა ყველგან, მათ შორის, ეს ეხება კერძო დაწესებულებებსაც.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკა მატულობს. წარმოიქმნა რამდენიმე ახალი კლასტერი. მხოლოდ დღეს, ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 165 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 108 აჭარაშია. 


close დახურვა