გაეროს კომისიამ 2 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით სამედიცინო მარიხუანა განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკების სიიდან ამოიღო. გადაწყვეტილება მეტ ბიძგს მისცემს მარიხუანას კვლევასა და ნივთიერების სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენებას.
გადაწყვეტილების მიღებისას ვენაში არსებულმა 53 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლისგან შემდგარმა კომისიამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის არაერთი რეკომენდაცია გაითვალისწინა. განსაკუთრებულად საყურადღებო იყო ჯანმოს რეკომენდაცია, ამოეღოთ კანაბისი ნარკოტიკული საშუალებების შესახებ 1961 წლის გაეროს კონვენციის მეოთხე დანართიდან, სადაც მარიხუანა განსაკუთრებით საშიშ და დამოკიდებულების გამომწვევ ოპიოიდებს შორის იყო შეტანილი.
ექსპერტების მოსაზრებით, გაეროს გადაწყვეტილება ნარკოტიკების შესახებ სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ პროტოკოლსა და კანონმდებლობაზე პირდაპირ არ აისახება, თუმცა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეებისთვის ეს სიმბოლური გამარჯვებაა. ისინი იმედოვნებენ, რომ სხვადასხვა სახელმწიფოები გაეროს კონვენციით იხელმძღვანელებენ.
გაეროს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მარიხუანას უფრო ფართო სამედიცინო კვლევებს და დრომოჭმული ნარკოპოლიტიკის ცვლილებების ტალღას მისცემს ბიძგს.
გადაწვყეტილებას სერიოზულ წინსვლად აფასებს დირკ ჰაიტერპიემი, მარიხუანის კანადური კომპანიის ხელმძღვანელი: "იმედი გვაქვს, რომ ეს მეტად უბიძგებს სხვადასხვა ქვეყნებს, უზრუნველყონ პაციენტების წვდომა სამედიცინო მარიუხუანაზე", - ამბობს ის.
რეკლასიფიკაციის გადაწყვეტილება 2 ხმის უპირატესობით გავიდა - 27 - 25 -ის წინააღმდეგ, კენჭისყრას არ ესწრებოდა უკრიანის წარმომადგენელი. აშშ-მა და ევროკავშირის ქვეყნებმა ინიციატივის სასარგებლოდ მისცეს ხმა, ჩინეთმა, ეგვიპტემ, ნიგერიამ, პაკისტანმა და რუსეთმა კი წინააღმდეგ.
2017 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოში 21 წლის ასაკს გადაცილებული პირისთვის სახლში მარიხუანის მოხმარება ლეგალურია, თუმცა არ არის დაშვებული მარიხუანასთან დაკავშირებული სხვა ქმედებები.
საჯარო სივრცეში, არასრულწლოვანის თანდასწრებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მარიხუანის მოხმარება ისჯება ადმინისტრაციული ჯარიმით, ასევე ისჯება არასრულწლოვანი პირის წაქეზება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისკენ.
კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულია მცირე ოდნებით (70გრ-მდე გამომშრალი ან 100გრ-მდე ნედლი) მარიხუანას შეძენა-შენახვა.
დიდი ოდენობით მარიხუანის ფლობა კი პატიმრობას ითვალისწინებს.