logo
ENG



გავიღვიძეთ ცარიელ ქალაქში, ქუჩებში მუშაობენ პოლიციელები - ვითარება მარნეულში

23 მარ 202014:29
3 წუთის საკითხავი
 

მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ, მარნეულის ქუჩები ფაქტობრივად დაცარიელდა.

როგორც ადგილობრივმა რავილ მამადოღლუმ „ფორმულას“ ეთერში ჩართვისას განაცხადა, მოსახლეობის უმეტესობა პანიკამ მოიცვა. ქუჩებს სამართალდამცველები და სამხედროები აკონტროლებენ. მამადოღლუს თქმით, თავყრილობის შემჩნევის შემთხვევაში, პოლიციის წარმომადგენლები მოქალაქეებს განუმარტავენ, რომ ეს სახიფათოა და მათ დაშლისკენ მოუწოდებენ.

„დღეს გავიღვიძეთ ცარიელ ქალაქში. მარნეულის ცენტრში ამ დროს ხშირად იყო საცობი, თუმცა ახლა ქუჩებში ძალიან ცოტა ხალხია. ცოტა ხნის წინ იყო ჯგუფი, თუმცა პოლიციამ მათ დაშლისკენ მოუწოდა.  ქუჩებში აქტიურად მუშაობენ პოლიციელებიც და სამხედროებიც. მარნეულში თითქმის ყველა ინფორმირებულია, იციან ვირუსის შესახებ, მაგრამ ვინც ქუჩაშია არ ეშინიათ, ჰგონიათ, რომ საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა ბევრს ძალიან ეშინიათ. ძალიან ბევრი ადამიანია რისკის ქვეშ და სამწუხაროა ამბავია“, - განაცხადა რავილ მამადოღლუმ.

რაც შეეხება მედიკამენტებსა და საკვებ პროდუქტებს, მან აღნიშნა, რომ ამ მიმართულები მუნიციპალიტეტში პრობლემები ამ დროისთვის არ შეინიშნება.

„ჯერჯერობით ყველაფერი არის, მათ შორის პირდადეების და სადეზინფექციო საშუალებებიც. მაღაზიებში პროდუქტი ყველაფერი არის. ფასების ზრდაც ჯერჯერობით არ შეიმჩნევა. დიდ მაღაზიებში რიგრიგობით უშვებენ ხალხს, თუმცა პატარა მაღაზიებში ეს არ კონტროლდება“, - აღნიშნა რავილ მამადოღლუმ.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა. დაიხურა ყველა ობიექტი გარდა საკვებითა და მედიკამენტებით ვაჭრობისა. რაიონების შიგნით იზღუდება გადაადგილება გარდა იმ შემთხევევბისა, როდესაც ადგილობრივებს დასჭირდებათ სამედიცინო დახმარება, მედიკამენტი ან საკვები. მიზეზი ერთ-ერთი ადგილობრივის დაინფიცირება გახდა, რომელსაც ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. საუბარია ქალზე, რომელიც დღეს დღის მეორე ნახევარში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს და რომლის მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმეა.

 


close დახურვა