აშშ-ს სენატმა 23 ივლისს მხარი დაუჭირა 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, რომელიც თავდაცვის ხარჯებისათვის მომავალ წელს ბიუჯეტიდან 740.5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
აღნიშნულ დოკუმენტში ლაპარაკია რუსეთის აგრესიის შეკავების პოლიტიკაზე და ამ კონტექსტში ხაზგასმულია საქართველოსა და უკრაინის, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების მნიშვნელობა.
„იმისათვის, რომ გავაძლიეროთ რუსეთის აგრესიის შეკავების პოლიტიკა, თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა ... გაზარდოს ყურადღება და რესურსები შავი ზღვის რეგიონში ცვალებადი სამხედრო ბალანსის მიმართ, ასევე გაზარდოს ნატოს და სხვა მრავალმხრივი წვრთნების სიხშირე, არეალი და მასშტაბი შავი ზღვის რეგიონში, საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით", - ნათქვამია დოკუმენტში.
ეს ის დოკუმენტია, რომელშიც სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა, 26 ივნისს ცვლილებების ინიცირება მოახდინა.
ცვლილებები საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, 8 მარტის შეთახმებასა და გიორგი რურუას პატიმრობაში ყოფნას ეხებოდა.
შესწორებაში აღნიშნული იყო, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის თანამშრომლობა იმ შემთხვევაში გაგრძელდებოდა, თუ საქართველოს მთავრობა დაპირებულ რეფორმებს განახორციელებდა.
აშშ-ს თავდაცვის აქტის საბოლოო ვერსიაში ხსენებული ცვლილებები არ შევიდა.
კონგრესში კვლავ განიხილება კანონპროექტი საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ, რომელიც საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების 15%-ის გარკვეული პირობების დაკმაყოფილებამდე შეჩერებას ითვალისწინებს.