logo
ENG



გამყრელიძე: ამ დრომდე გრიპის ვაქცინის 160 000 დოზაა დახარჯული, 10 000 აფხაზეთს გადავეცით

02 დეკ 202013:47
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: ამ დრომდე გრიპის ვაქცინის 160 000 დოზაა დახარჯული, 10 000 აფხაზეთს გადავეცით

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ შესყიდული გრიპის ვაქცინის 235 ათასი დოზიდან, დილის მონაცემებით, 160 ათასი დოზაა დახარჯული.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აქედან 10 ათასი დოზა ოკუპირებულ აფხაზეთს გადაეცა.

"როგორც იცით, ჩვენ შევისყიდეთ 235 ათასი დოზა. ეს სახელმწიფომ შეისყიდა, თორემ გრიპის ვაქცინა გაცილებით მეტი იყო ქვეყანაში. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, კერძო სექტორს 60-70 ათასი დოზა ჰქონდა შესყიდული. დღევანდელი დილის მონაცემებით, დახარჯულია 160 ათასი დოზა, მათ შორის 10 ათასი დოზა გადავეცით აფხაზეთს. ასევე აიცრა ქართული ჯარი და კიდევ სხვადასხვა რისკჯგუფები", - განაცხადა გამყრელიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მოქალაქეების მხრიდან მიმართვიანობა დაბალია და ამის გამო, შეზღუდვა, რომელიც პირველ რიგში რისკჯგუფების აცრას გულისხმობდა, მოიხსნა.

"ჩვენ ბრძანებაში უკვე ორჯერ შევიტანეთ ცვლილება, მოვხსენით 65 წელს ზემოთ შეზღუდვა, რომ თუ გაქვს ქრონიკული დაავადებები მხოლოდ მაშინ აიცრები, ანუ უკვე ყველას შეუძლია აიცრას. სამწუხაროდ მიმართვიანობა არ არის მაღალი მიუხედავად იმისა, რომ ამდენი გრიპის ვაქცინა არასდროს გვქონია. ჩვენ ასევე ჩავრთეთ მასწავლებლები. შეუძლიათ თავიანთ პოლიკლინიკებში მიბრძანდნენ და აიცრან", - თქვა ამირან გამყრელიძემ.


close დახურვა