logo
ENG



გამყრელიძე: ეპიდემიის ზღვარზე ვართ, რომელიც შეიძლება იტალიის მსგავს პროცესებში გადაიზარდოს

28 მარ 202020:03
3 წუთის საკითხავი
 
a0jdypeb744gssi.png

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში საქართველოში ეპიდემიის გავრცელების მაღალ რისკზე ისაუბრა და თქვა, რომ თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს არ დაიცავს და ისევ იმოძრავებს ქუჩაში შეუფერხებლად, მაშინ არაა გამორიცხული, საქართველოში იტალიის მსგავსი მდგომარეობა განვითარდეს.

მისივე განცხადებით, მომდევნო 4 კვირის განმავლობაში აღდგომის დღესასწაული იქნება, რომლის დროსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვანი იქნება.

ამირან გამყრელიძე საზოგადოებას და განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

„მომდევნო ოთხი კვირა ემთხვევა ყველაზე დიდ დღესასწაულს ქვეყანაში. ამის თქმა მიჭირს, მაგრამ უნდა დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა, მათი სიცოცხლე. უნდა დავემორჩილოთ მოწოდებებს და უნდა მივყვეთ რეკომენდაციებს, თუ არადა მომდევნო 4 კვირის განმავლობაში დიდი საფრთხეა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარებისა. მე ვუყურებ, რომ ცოტა მოეშვა მოსახლეობა, დაბრძანდებიან ქუჩებში, იქნება მანქანით თუ ფეხით. ისევ არის თავშეყრა და ა.შ. გვაქვს ეპიდემია და ვართ ფარტომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე. შესაძლოა, ეს ისეთ უმართავ პროცესებში გადაიზარდოს, როგორიცაა იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, რომლებიც ეკონომიკურადაც და ჯანდაცვის სისტემებითაც გაცილებით ძლიერები არიან. გეუბნებით ყველას, დავიცვათ ის წესები, რასაც გვეუბნება სახელმწიფო და ჯანდაცვის სფერო. უნდა გავიჭირვოთ ორი თვე. განსაკუთრებით მოხუცებმა“, – ამბობს გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 90-ე შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო მონაცემებით, კარანატინის რეჟიმში იმყოფება 4534 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 276. ვირუსისგან სრულად განიკურნა 16 პაციენტი. 


close დახურვა