სწრაფი ტესტები მსოფლიოში არც ერთ დიაგნოსტიკურ პროტოკოლში არ შედის, როგორც ვირუსის დამადასტურებელი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საქართველოში შემოტანილი სწრაფი ტესტების ხარისხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სწრაფი ტესტები დამხმარე საშუალებად ითვლება, რაც მასობრივი ტესტირების დროს გამოიყენება. მისი განმარტებით, ამ ტესტების შედეგი pcr ტექნოლოგიით გადამოწმებას საჭიროებს.
„ზოგადად, დღევანდელი საერთაშორისო პროტოკოლები სწრაფი ტესტები ანტისხეულების აღმომჩენი, ე.წ. იმუნოგლობულინი „ემის“ და „ჯის“ არც ერთი სწრაფი ტესტი მსოფლიოში არ ითვლება და არ შედის არც ერთ დიაგნოსტიკურ პროტოკოლში, როგორც დამადასტურებელი ტესტები. ანუ ისინი არ გამოიყენებიან ამ დაავადების დიაგნოსტიკისთვის. ესენია დამხმარე ტესტები, რომლებიც გამოიყენება მასობრივი კვლევების დროს და იქ რადგან მათი სპეციფიურობა და მგრძნობელობა გაცილებით დაბალია ვიდრე სხვა ტიპის ტესტების, მათ დიაგნოსტიკური ღირებულება არ აქვთ. ნებისმიერი ამ სწრაფი ტესტის მიღებული შედეგი, საჭიროებს გადამოწმებას და დადასტურებას pcr ტექნოლოგიით. ამიტომ სწრაფი ტესტების გამოყენება დღეს ამ დაავადების დიაგნოსტიკისთვის არ არის რეკომენდირებული. ამისთვის გამოიყენება მხოლოდ pcr ტესტი. ჯერჯერობით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.