დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფექციის 157 შემთხვევა ფიქსირდება. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 2912 ტესტი ჩატარდა.
„საქართველოში ჩვენ დღევანდელი რიცხვით 157 დადასტურებული შემთხვევა გახლავთ იმ 2762 შემთხვევიდან, რომლებიც საჭიროებდნენ ღრმა კვლევებს, ეპიდკვლევას, კლინიკურ კვლევას და ლაბორატორიულ კვლევას. აქედან დღეს გატესტილია 2912 ნიმუში და 157 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გუშინდელ დღეს დღევანდელ დილამდე დაფიქსირებულია 9 შემთხვევით ზრდა. კარგია ის, რომ გვყავს 28 გამოჯანმრთელებული ადამიანი, რომლებიც არიან თვითიზოლაციაში და გაწერილი არიან საავადმყოფოდან, მაგრამ დღეს დილით დადასტურდა პირველი სამწუხარო შემთხვევა გარდაცვალებისა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, ამ მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 157 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 28 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და გაწერილია კლინიკიდან. ასევე დღეს დადასტურდა კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 5526 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344 პაციენტი.