logo
ENG



გამყრელიძე ქართველებისთვის სავალდებულო კარანტინზე: ვმუშაობთ ამ რეგულაციის გადახედვაზე

04 სექ 202000:38
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე ქართველებისთვის სავალდებულო კარანტინზე: ვმუშაობთ ამ რეგულაციის გადახედვაზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მიმდინარეობს მუშაობა რეგულაციის გადახედვაზე, რომლის მიხედვითაც უცხოეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს სავალდებულო კარანტინის გავლა უწევს, ხოლო უცხოელს - არა. 

მისი თქმით, პირველ ეტაპზე ეს საჭირო იყო.

"ვიცი, რომ არის ამ დიფერენცირებაში უხერხული მომენტი და ამაზე ვმუშაობთ. ახლა მიმდინარეობს მუშაობა ამ რეგულაციის გადახედვაზე, მაგრამ პირველ ეტაპზე ეს საჭირო იყო. თვითიზოლაციაში, სადაც მიდიოდნენ უცხოელები და ჩვენი თანამემამულეები, ყველა დარღვევა იყო ჩვენს თანამემამულეებში, უცხოელებში არც ერთი დარღვევა არ ყოფილა", - განაცხადა გამყრელიძემ ტვ პირველის ეთერში.

მისი თქმით, როცა უცხოელი გერმანიიდან, საფრანგეთიდან ან ბალტიისპირეთიდან ჩამოდის, მას გაწერილი აქვს მარშრუტი და მისი საზოგადოებასთან ურთიერთობა და მობილობა არ არის დიდი, განსხვავებით ქართველისგან.

"მე, ქართველი, რომელიც ვცხოვრობ გერმანიაში, რომ ჩამოვდივარ აქ, რა თქმა უნდა, მთელ ჩემს სანათესაოსთან მივდივარ. ანუ, რისკი ინფიცირებისა მეტია, თუმცა, ამის მოვლა სხვანაირადაც შეიძლება დღეს, როდესაც გაფართოებული გვაქვს ტესტირება. ამიტომ, მიმდინარეობს მსჯელობა. ეს უხერხული საკითხია, რომელიც უნდა გადაწყდეს", - აღნიშნა გამყრელიძემ.


close დახურვა