გარდაბანში, საკრებულოს სხდომაზე, ტერიტორიის გასხვისების თაობაზე დაწყებული დისკუსია კამათსა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ წევრს, აკიფ ისმაილოვს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დეპუტატი რუსთავში, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და რუსთავის კლინიკაში გამოკვლევები უტარდება.
საკრებულოს სხდომაზე დაწყებული დაპირისპირება სოფელ ქეშალოს სკოლის ტერიტორიის გასხვისებას უკავშირდება. ენმ-ის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ენმ-ის წევრებმა აიძულეს ქართული ოცნება, რომ ეს ტერიტორია არ გაესხვისებინათ და უმრავლესობის დეპუტატებმა ამის შემდეგ "დაბოღმილებმა, გაბრაზებულებმა გადაწყვიტეს, რომ ფიზიკურად გასწორებოდნენ დეპუტატს".
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტში, რაიონში იცავს საქართველოს მოქალაქეებს, ხალხის ინტერესებს. გარდაბანში, ჩვენი საკრებულოს წევრები იცავდნენ სკოლის ტერიტორიას, რომელსაც ასხვისებდნენ ადგილობრივი, კორუმპირებული, ქურდბაცაცა საკრებულოს წევრები, თავმჯდომარე მერთან ერთად და ამაში ხელს უშლიდნენ ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრები, რომლებმაც აიძულეს, რომ მათთვის ეს ტერიტორია არ წაერთვათ და იძულებული გახდნენ, დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება გაეუქმებინათ, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა იბრძოლეს.
ამაზე დაბოღმილებმა და გაბრაზებულებმა გადაწყვიტეს, რომ საკრებულოს ჩვენს წევრს გაუსწორდნენ ფიზიკურად, სცადეს ამ ადამიანის დაჩაგვრა და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ არავის არ დავაჩაგვრინებთ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მხარდამჭერებს და განსაკუთრებით საკრებულოს წარმომადგენლებს, რომლებიც იბრძვიან ხალხის საკეთილდღეოდ. ყველას ვაფრთხილებთ, დაგველოდეთ, ჩვენი მხრიდანაც იქნება ადეკვატური პასუხი, ცხადია, კანონის შესაბამისად. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი მოსახლეობისთვის", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ფორმულამ სცადა გარდაბნის საკრებულოს ქართული ოცნების საკრებულოს წევრებთან დაკავშირება, თუმცა ისინი სატელეფონო ზარებას არ პასუხობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.