logo
ENG



გარდაცვლილის ოჯახი: ვემიჯნებით „გირჩის" განცხადებას, სულისთვის წესის აგებას სინოდი განიხილავს

12 ნოე 201902:00
3 წუთის საკითხავი
 
rw4qob3ybdt25hx.jpg

სამტრედიაში ავარიის შედეგად გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ოჯახი ემიჯნება „გირჩის" გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ მიცვალებულის დაკრძალვის თარიღი არ გადაუდია იმის მოლოდინში, რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისათვის წესის აგებაზე. 

როგორც ოჯახის განცხადებაშია ნათქვამი, მიცვალებულისთვის წესის აგების საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი.

„პოლიტიკური ორგანიზაცია ,,გირჩის,, მიერ სხვადასხვა საინფორმაციო პორტალებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გვსურს განვმარტოთ შემდეგი:

გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება პოლიტიკური ორგანიზაცია ,,გირჩის,, მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის, მოლოდინში, რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისათვის წესის აგებაზე. დაკრძალვის თარიღი დაიგეგმა მიცვალებულის გარდაცვალების დღეს.
ოჯახი სრულად იზიარებს მართლმადიდებლური დიდი სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას მიცვალებულის წესის აგებასთან დაკავშირებით, ვართ მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანები.

გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ხონი-სამტრედიის მთავარეპისკოფოსს მეუფე საბას ოჯახის ტრაგედიის მაქსიმალურად გაზიარებისა და გვერდში დგომისათვის. მიცვალებულის სულისათვის წესის აგების საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი. პირველი
გვსურს გამოვთქვათ მკაცრი პროტესტი, ოჯახის უდიდესი ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის გამოყენების მცდელობის გამო.
გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს ახალგაზრდობას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს ,,გირჩის,, მიერ დარეგისტრირებულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს. არასოდეს გახდეთ მსხვერპლი ბრმა მოწოდებებისა," - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი" განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც სამტრედიის რაიონში დაღუპულ ახალგაზრდას, რომელიც “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური იყო, სასულიერო პირები წესის აგებაზე უარს ეუბნებიან. „გირჩის" ინფორმაციით, ოჯახმა დაკრძალვა იმის იმედით გადადო, რომ გამოჩნდებოდა სასულიერო პირი, რომელიც წესს აუგებდა გარდაცვლილს, მაგრამ უშედეგოდ. გარდაცვლილი დღემდე დაუკრძალავი რჩება.

„ფორმულა" ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარი არ ისურვა. 

 


close დახურვა