წინასაარჩევნო გაფრთხილება ვაშინგტონიდან - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ტელეფონით ესაუბრა. საუბრის შინაარსი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაასაჯაროვა, თუმცა ამის მიუხედავად, მთავრობამ მოსახლეობას აუდიენციის მხოლოდ მისთვის სასურველი ვერსია შესთავაზა.
სატელეფონო საუბრისას პომპეომ გახარიას სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ მოუწოდა და თავისუფალი მართლმსაჯულება უცხოური ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობად დაასახელა.
სასამართლო და საარჩევნო სისტემის პოლიტიზირებაზე გაფრთხილება კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზავნილია იმ ფონზეც, რომ სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დადოს დასკვნა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, მედიის თავისუფლებისა და არაფორმალური მმართველობის შესახებ.
მნიშვნელოვანია, რომ პომპეოს შეფასება საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების 15%-ით შემცირების საკითხს საბოლოოდ გადაწყვეტს. ამიტომ, ახლა ოპოზიციაც და სპეციალისტებიც ბიძინა ივანიშვილის გუნდს მოუწოდებენ, თარგმანის შეცვლას შეეშვას და მითითებების შესრულება დაიწყოს.