ბერძენმა სამართალდამცველებმა ათენში საქართველოს 9 მოქალაქე დააკავეს. კრიმინალური დაჯგუფების წევრები წლების განმავლობაში სხვადასხვა საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რომელსაც "ფორმულა" გაეცნო, კანონდამრღვევებს ბერძნული პოლიცია ბოლო 3 წლის განმავლობაში უთვალთვალებდა. მათ ათენის ტერიტორიაზე 31 სახლი გაძარცვეს.
აღსანიშნავია, რომ ამ სახლების შესახებ ინფორმაციას მძარცველები მომვლელი ქალებისგან იღებდნენ.
პოლიციამ 8 მამაკაცი და ერთი ქალი დააკავა. სავარაუდოდ, სწორედ ეს ქალი მუშაობდა ერთ-ერთ სახლში მომვლელად. სამართალდამცველებმა ჩხრეკის დროს ამოიღეს სხვადასხვა ნივთები - სამკაულები, საათები, კომპიუტერები, საფულეები და სხვა.
მედიის ინფორმაციით, ამოღებულია ასევე 6 500 ევრო, ხოლო მოპარული ნივთების სრული ღირებულება 150 000 ევროს შეადგენს. ნაპოვნია ასევე სამი მოპარული მანქანა.
უნდა ითქვას, რომ ყველაზე მეტად ბერძნული პოლიცია გაოცებული არის, იმით, რომ დაკავებულებს ჰქონდათ სპეციალური გასაღები, რომლითაც ისინი სახლებს აღებდნენ. გარდა ამისა, ისინი ძარცვავდნენ მაღაზიებსაც. დაკავებულები საბერძნეთის პროკურატურაში იმყოფებიან.