logo
ENG



გახარიას გუნდმა "შეთქმულებაზე" ბრალდებების გამოსაძიებლად პროკურატურასა და სუს-ს მიმართა

07 ივნ 202114:20
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა გენერალურ პროკურატურასა და უსაფრთხოების სამსახურს მიმართეს, გამოიძიონ ირაკლი კობახიძის მიერ გაჟერებული ბრალდებები. საქმე ეხება 4 ივნისს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ნიკა მელიას დაკავების წინ ენმ-ს ალტერნატიული მთავრობის შექმნა ჰქონდა დაგეგმილი და ეჭვები გაუჩნდათ გახარიაზეც.

"ჩვენ ვიხილეთ 4 ივნისს მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ გაჟღერებული ბრალდებები, რომელიც ეხებოდა პოლიციელების, ჯარისკაცების და იმჟამინდელი პრემიერმინისტრის მიერ შეთქმულებას საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ესაა უმძიმედი ბრალდებები, რომელსაც აუცილებლად სჭირდება შესაბამისი რეაგირება.

ბატონმა ირაკლი კობახიძემ ახსენა პოლიტიკური განზომილების ნაწილი, და არ უხსენებია სამართლებრივი ნაწილი. ამ უმძიმეს ბრალდებებს ჭირდება სამართლებრივი ნაწილი, რადგან ქვეყანაში არავის აქვს უფლება, ჩვენს გმირ პოლიციელებსა და ჯარისკაცებს დასდოს უაპელაციო ბრალი და არ აგოს პასუხი", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ პროკურატურაში მისვლისას. 

4 ივნისს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ნიკა მელიას დაკავებამდე კიევიდან და ენმ-ს ოფისიდან ჰქონდათ ინფორმაცია ოპოზიციური პარტიის გეგმაზე, მმართველი გუნდი არალეგიტიმურად გამოეცხადებინათ და შეექმნათ ალტერნატიული მთავრობ. მისივე თქმით, ეს ამბავი ქვეყნის პრემიერმინისტრს არ გაუმხილეს, რადგან მასზე ჰქონდათ ეჭვი.

"ჰქონდათ მათ გამზადებული სცენარი, მათ ჰყავდათ ადამიანები, შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, რომლებიც აკეთებდნენ განცხადებას ალტერნატიულ მთავრობის და ძალოვანი სტრუქტურის დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე", - თქვა კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძის თქმითვე, არ იციან იმ ძალოვანების პირადი ინფორმაცია, ვინც ამ პროცესებში აპირებდა ჩართვას, თუმცა იცოდნენ, რომ ეს დაახლოებით 18-19 თებერვალს უნდა მომხდარიყო და 19-ში სააკაშვილი სარფიდან საქართველოში შემოვიდოდა. 


close დახურვა