პრემიერ გიორგი გახარიას თქმით, პანდემიის პირველ ეტაპზე დაწესებული შეზღუდვები ხელისუფლებას სისტემის უკეთესად მოსამზადებლად სჭირდებოდა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა იზრდება, მკაცრი ჩაკეტვები ქვეყანაში აღარ იგეგმება:
"მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვირუსის გავრცელების ტენდენცია ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტი იქნება, ციფრებმა არ უნდა შეგვაშინოს. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი, რომელიც წარმატებულად მიმდინარეობს.
არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს და შეზღუდვებს ადგილი არ ექნება. ჩვენი ადაპტაციის პოლიტიკის ძირითადი კომპონენტი გახლავთ, რომ ამ ეტაპზე წერტილოვნად, მიზნობრივად უნდა ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას", - ამბობს პრემიერი.
ბოლო პერიოდში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების ტემპმა მკვეთრად მოიმატა. მხოლოდ დღეს, 17 სექტემბერს, დაინფიცირების 179 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის დიდ ქალაქებში სწავლა პირველ ოქტომბრამდეა გადადებული. მოქმედებს შეზღუდვები ღონისძიებებზე, ქორწილებსა და ქელეხებზე. გაზაფხულზე, კორონავირუსის გარვცელების საწყის ეტაპზე, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები - კომენდანტის საათი და კარანტინი მოქმედებდა.
რაც შეეხება ფრენებზე შეზღუდვებს, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ავიაკომპანია Wizz Air საქართველოს მიმართულებით ფრენებს სექტემბერში აღადგენს. პრემიერმინისტრის თქმით კი პირველი ოქტომბრიდან ქუთაისი-რიგის მიმართულებით ფრენები აღდგება.