პარტიის გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია მიმართავს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა ოცნებას ლეგიტიმაციის შესაძლებლობა არ მიეცეს.
დღეს გამართულ ბრიფინგზე გახარიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა არჩევნების სისტემურ გაყალბებაზე და მოუწოდა მოქალაქეებს, პარლამენტის პირველი სხდომის დროს, ერთად გააგონონ ქართულ ოცნებას საპროტესტო ხმა.
"დღეს, როცა ქვეყანა აშკარად ლეგიტიმაციის კრიზისშია, მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეები ფიქრობენ, რომ არჩევნები და ხმა მას მოჰპარეს, რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით უნდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა ოცნებას მანიპულირების და სპეკულირების ლეგიტიმაციის შესაძლებლობა არ მიეცეს და მეორეს მხრივ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენს მხარდამჭერს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო: იმ დღეს, როცა ჩატარდება პარლამენტის პირველი სხდომა ყველამ ერთად გავაგონოთ ჩვენი საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ არ ვთვლით ამ არჩევნებს არც სამართლიანად, არც დემოკრატიულად და შესაბამისად არ ვიღებთ ამ არჩევნების შედეგებს"- თქვა გახარიამ.
ქართულ ოცნებას დაგეგმილი აქვს, რომ პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს გამართოს.