პრემიერმა გიორგი გახარიამ პირველი არხის ეთერში გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სუს-ის მიერ რუსეთის მოქალაქის დაკავებაზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ სამართალდამცველი სისტემის უპირველესი მოვალეობაა, რომ განსაკუთრებით ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილი მსგავსი დანაშაული იყოს მაქსიმალურად სწრაფად გამოძიებული.
გახარიას თქმით, აღნიშნული საქმის გამოყენებას ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის ეცდებიან.
„შემიძლია, გითხრათ, რომ ფაქტი, რაც გვაქვს აღკვეთილია ქვეყანაში, მძიმე, უმძიმესი დანაშაული. მთავრობის თითოეული წევრის, პირველ რიგში სამართალდამცველი სისტემის უპირველესი მოვალეობაა, რომ ჩვენი მოქალაქის, განსაკუთრებით ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილი მსგავსი დანაშაული იყოს მაქსიმალურად სწრაფად გამოძიებული და შესაბამისად, ეს ინფორმაცია, ღიად, ტრანსფარენტულად მიეწოდოს ჩვენს მოქალაქეებს.
ეს უკიდურესი მნიშვნელობის საკითხია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთი მძიმე დანაშაულის აღკვეთას და ბევრ უფრო მარტივ შემთხვევებს მოყვება უამრავი პოლიტიკური სპეკულირება და პოლიტიკური შლეიფი. გასაგებია, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესში ვართ, პოლიტიკური ტემპერატურა იწევს, ყველა შეეცდება, ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან. სამწუხაროდ, ეს ფაქტია და ასე ხდება“, - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, გუშინ „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ფორმულას" ინფორმაცია დაადასტურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.