პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, თუკი დენის გადასახადი გაიზრდება, მთავრობა გეგმავს, რომ ტარიფი დაუსუბსიდიროს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 300კვტ-მდე მოიხმარენ. ამით იგი 29 დეკემბრის ბრიფინგზე სემეკის მიმდინარე სხდომას გამოეხმაურა, სადაც ელექტროენერგიის ტარიფების გაძვირებაზე მსჯელობენ.
"საქართველოში სულ 1 700 000 აბონენტია და აქედან, 1 600 000 მოიხმარს 300კვტ-ზე ნაკლებს. რაც ნიშნავს, რომ 95% საქართველოს მოქალაქეების სრულად იქნება ნაზარდი ფასის სუბსიდირებული. მთავრობა წლამომარაგების ტარიფსაც სრულად დაასუბსიდირებს სოციალურად დაუცველებისთვის.
მთავრობამ, ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ კომპანიას, რომელიც პირველად დასაქმებაშია საკვები პროდუქტების წარმოების, სრულად ექნება დასუბსიდირებული ნაზარდი ტარიფი დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილს შორის 2021 წლის განმავლობაში. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა საქართველოში წარმოებულ საკვები პროდუქტების ფასში არ აისახება", - აცხადებს გიორგი გახარია.
დღეს, 29 დეკემბერს დილის 9 დაათიდან მსჯელობს მარეგულირებელი უწყება, გაძვირდება თუ არა დენისა და წყლის გადასახადი. განიხილება, როგორც თელასის, ასევე ენერგო პრო ჯორჯიას ტარიფების საკითხი.
გუშინ ენერგო-პრო ჯორჯიაში განაცხადეს, რომ ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა "სამწუხაროდ აუცილებელია".
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი, დიდი ხანია, ვერ ანაზღაურებს "დრამატულად გაზრდილ ხარჯებს", ელექტროენერგიის შესყიდვის, თუ სხვა მიმართულებებით.