მთავრობის სხდომაზე პრემიერი გიორგი გახარია დავით გარეჯის თემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საკითხის პოლიტიზება მიუღებელია.
გახარიას თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ასე გაგრძელდება მომავალშიც.
"არ წყდება მცდელობა საკითხის პოლიტიზების, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. გამოძიება უნდა დასრულდეს და ამის შემდგომ უნდა გავაკეთოთ საბოლოო დასკვნები. ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც უკვე გავუზიარეთ აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას", - განაცხადა გახარიამ.
დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის საქმიანობის შესახებ გამოძიების დაწყების საკითხი პრორუსულმა პარტიამ, პატრიოტთა ალიანსმა 2019 წლის ივნისში მოითხოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 4 ოქტომბერს რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ მან "ასე 10 დღის წინ ნახა რუკები და იცოდა, რომ იწყებოდა გამოძიება". მისივე თქმით, დავით გარეჯის მოლაპარაკებებში ჯერ კიდევ მაშინ ჩაერთო, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
7 ოქტომბერს მთავარმა პროკურატურამ დააკავა და საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლით ბრალი წარუდგინა დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელს, ივერი მელაშვილს და კომისიის წევრს, ნატალია ილიჩოვას.
პროკურატურის ამ ნაბიჯს ოპოზიციის, ექსპერტებისა და სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან პროტესტი მოჰყვა - ისინი საქმის უკან პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ და თემის წამოწევას წინასაარჩევნო სვლად აღიქვამენ.
გამოძიება დაკავებულებს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, 3500-მდე ჰექტარი უცხო ქვეყანას გადასცეს". როგორც პროკურატურა ამბობს, გამოძიება თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე 17 აგვისტოს დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ათიდან 15 წლამდე პატიმრობა ელოდებათ.
აზერბაიჯანის და საქართველოს საზღვარი, არსებული ფორმით, 1938 წელს, საბჭოთა კავშირის პირობებში დადგინდა და ორმხრივად შეთანხმდა. თუმცა, დადგენილია სახელმწიფო საზღვრის მხოლოდ ნაწილი - 294 კილომეტრი 446 კილომეტრიანი ზოლიდან. სწორედ შეუთანხმებელი საზღვრის დადგენაზე მუშაობს სპეციალური კომისია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ივერი მელაშვილი უძღვებოდა.
პროკურატურა ირწმუნება, რომ საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ და არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000.
კერძოდ, პროკურატურის მტკიცებით: "ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ, დელიმიტაციის პროცესში, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 500 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან".
რა ვიცით დავით გარეჯზე - სრული მასალა იხილეთ ბმულზე.