საქართველო დონორებისგან ეკონომიკის მხარდაჭერის სახით მილიარდ 500 მილიონ დოლარს მიიღებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, გერმანიის განვითარების ფონდს და ყველა იმ დონორს, რომელთან მოლაპარაკების შედეგად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ წლის ბოლომდე, საქართველოს ეკონომიკაში დამატებით, დონორებისგან, ეკონომიკის მხარდაჭერის სახით, შემოვა მილიარდ 500 მილიონი დოლარი. ეს არის ის ციფრი, რომელზეც ამ დონორ ორგანიზაციებთან შევჯერდით პირველადი შეთანხმების საფუძველზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების შედეგად ამავე დონორმა ორგანიზაციებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კერძო სექტორსაც ასევე 1.5 მილიარდი დოლარი გამოუყონ.
„ჩვენ გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს საფინანსო და საბანკო სექტორთან. მათი თხოვნით იგივე სახის მოლაპარაკებები გვქონდა ამავე დონორ ორგანიზაციებთან, რომლებმაც დამატებით გააცხადეს მზადყოფნა, რომ საქართველოს კერძო სექტორს დაეხმარონ ასევე მილიარდ 500 მილიონი დოლარით. ეს ის თანხაა, რომელიც ამ დონორ ორგანიზაციებში მობილიზებულია და იმ შემთხვევაში თუ ეს იქნება საჭირო ამ კერძო და საფინანსო სექტორის მხრიდან, ჩვენს ბიზნესს შეეძლება ამ თანხის ათვისება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.