უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ბილოჰორივკას, ჩერვოპოპივკას, კუზმინეს, სოლედარის, ბელოგოროვკას, პიდჰოროდნეს, ბახმუტის, კლიშივკას, ვოდიანეს, კურდიუმივკას, მაიორსკის, მარინკას და პობედას დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 8 სარაკეტო და 31 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საშიშროება რჩება.
გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო ძალებმა 18 დარტყმა განახორციელეს. გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.