უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის ნოვოსელივსკეს, ბელოგოროვკას და დონეცკის ოლქის იამპოლივკას, სპირნეს, კრასნა ჰორას, პარასკოვიევკას, ბახმუტის, კლიშივკას, ივანივსკეს, ავდიივკას, ვოდიანეს, პერვომაისკეს და ვუჰლედარის დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 4 სარაკეტო და 3 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 127 500 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.