logo
ENG



გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გადასცემს

25 იან 202314:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/25/euisph3ua8allmj.jpg

გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ კანცლერმა ოლაფ შოლცმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გარდა ამისა, გერმანია მესამე ქვეყნებს ტანკების გადაცემის ნებას დართავს.

"ეს გადაწყვეტილება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის ჩვენს კარგად ცნობილ გზას მიყვება", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

"საერთაშორისო დონეზე მჭიდროდ კოორდინირებულად ვმოქმედებთ" , - აღნიშნა კანცლერმა.

მისივე თქმით, მიზანი იყო უკრაინისთვის სწრაფად შექმნილიყო Leopard 2-ის ტანკების ორი ბატალიონი და დაამატა, რომ პირველ ეტაპზე გერმანია თავისი მარაგებიდან 14 ტანკს გადასცემს.

უახლოეს დროში გერმანიაში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნები დაიწყება და ბერლინი ასევე მატერიალურ-ტექნიკურ ლოგისტიკასა და საბრძოლო მასალას უზრუნველყოფს.

გერმანიის გადაწყვეტილებას უკვე ეხმაურებიან დასავლელი ლიდერები და მას დადებითად აფასებენ. 

უკრაინა სამხედრო დახმარების ფარგლებში ტანკების, კერძოდ, Leopard 2-ის გადაცემას ითხოვდა. როგორც უკრაინული მხარე ამბობდა, ევროპის ქვეყნები ამისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა საჭიროა მწარმოებელი ქვეყნის, გერმანიის თანხმობა. გერმანიის ოფიციალური პირები კი აღნიშნავდნენ, რომ ბერლინი არაა წინააღმდეგი, თუმცა ზოგიერთი პარტნიორისგან თანხმობა სჭირდებოდა. 

იმას, თუ რატომ ითხოვს უკრაინა Leopard 2-ის ტანკებს, რამდენიმე მიზეზი აქვს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ევროპაში გერმანული წარმოებული ეს ტანკი ბევრია - დაახლოებით, 3000 სხვადასხვა ქვეყანაში. ამავე დროს, აღნიშნული ტანკი მარტივია ექსპლუატაციისთვის. Leopard-ის 13 ქვეყნის შეიარაღებულ ძალებშია, რაც ნიშნავს, რომ ევროპაში საკმარისი სათადარიგო ნაწილი და საბრძოლო მასალაა. გარდა ამისა, Leopard ცივი ომის დროს საბჭოთა T-90-ის კონკურენტად შეიქმნა, ეს უკანასკნელი კი კვლავ მრავლად არის რუსული არმიაში. 


close დახურვა