logo
ENG



გერმანიაში საკონცენტრაციო ბანაკის 95 წლის ყოფილ მცველს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

25 ივლ 202010:20
3 წუთის საკითხავი
 
gfins2rhtg1haiq.jpg

23 ივლისს გერმანიის სასამართლომ ნაცისტების პერიოდის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი მცველი 5 232 მკვლელობაში თანამონაწილეობის გამო დამნაშავედ ცნო. გერმანიის სასამართლოს ცნობით, სწორედ ამდენი ადამიანი დახოცეს  შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკში მსჯავრდებულის მსახურების დროს. 

გერმანიის სასამართლო იუწყება, რომ ბრუნო დეის, რომელიც დღეის მდგომარეობით, 93 წლის, ეტლს მიჯაჭვული მოხუცია, 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა შემდგომ მოსამართლემ სასჯელის აღსრულება გადაავადა. 

ბრუნო დეი დანაშაულის ჩადენის დროისთვის 17-18 წლის იყო. 93 წლის დეის 6 თვიდან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. 

„როგორ შეეგუეთ მსგავს საშინელებას?" - ჰკითხა დეის თავმჯდომარე მოსამართლე ენ მაიერ-გერინგმა. 

დეიმ სასამართლო სხდომაზე აღიარა, რომ საკონცენტრაციო ბანაკებიდან კივილის ხმა ესმოდა და დაუნახავს, როგორ გაჰქონდათ მცველებს გვამები დასაწვავად, თუმცა ირწმუნება, რომ თავად იარაღი არასოდეს უსვრია. 

საბოლოო სიტყვის დროს დეიმ ბოდიში მოიხადა „ნაცისტების გამანადგურებელ მექანიზმში" მონაწილეობისთვის და განაცხადა, რომ მსგავსი „საშინელების" გამეორება დაუშვებელია. 

„დღეს მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა ადამიანს, ვინც ეს ჯოჯოხეთური სიგიჟე საკუთარ თავზე იწვნია", - განაცხადა დეიმ. 

დეის ინტერესების დამცველი შტეფან ვატერკამპი სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს მოითხოვდა. მისი თქმით, ბრუნო დეი შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკში შემთხვევით მოხვდა და თავს საფრთხეში ჩაიგდებდა, თუ მცველის პოსტის დატოვების სურვილს გამოთქვამდა. 

„როგორ უნდა დააღწიოს თავი ამ ყველაფერს 18 წლის მოზარდმა?", - იკითხა ვატერკამპმა არგუმენტების წარმოდგენისას. 

სასამართლო დარბაზში შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკს გადარჩენილი ადამიანები და მათი ნათესავებიც იმყოფებოდნენ. ისინი საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი მცველისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდნენ. 

საბოლოოდ საქმემ მუნსტერის სასამართლოდან ვუპერტალში გადაინაცვლა. სასამართლო სხდომის თარიღი ჯერ არ დანიშნულა, ვინაიდან სასამართლო უწყება სამედიცინო შემოწმების შედეგებს ელოდება, რათა დადასტურდეს, რომ სხდომაზე დასასწრებად ბრუნო დეის ჯანმრთელობა ხელს უწყობს. 


close დახურვა