logo
ENG



გვარამიას თქმით, იუსტიციის გენინსპექციამ სააკაშვილისგან ტანსაცმლის ამოღება მოტყუებით სცადა

09 ნოე 202121:23
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/09/1nn572s8pdvjnzy.png

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის საგამოძიებო დეპარტამენტი "მტკიცებულებას იპარავდა". როგორც გვარამია ამბობს, გენინსპექციის წარმომადგენლებმა სააკაშვილის შეცდომაში შეყვანით ტანსაცმლის ამოღება სცადეს.

"მათ იცოდნენ, რომ ინსპექტორის წარმომადგენელი შემოდიოდა ტანსაცმლის ამოსაღებად იმისთვის, რომ შემოწმდეს კვალი. რა ქნა იუსტიციის სამინისტრომ? დაასწრო და დაიწყო ამოღების პროცესი. შეიყვანეს შეცდომაში სააკაშვილი, რომელსაც ეძინა და გააღვიძეს. სააკაშვილმა ჩათვალა, რომ ეს ინსპექტორის ხალხია და მოუწერა ხელი - ახლა გავაფრთხილეთ, რომ ხელი არაფერზე მოაწეროს - გადააბარა ტანსაცმელი და ტელევიზორში როგორც კი ნახა, რომ ინსპექტორები და ჩვენ გარეთ ვდგავართ, იკითხა, თქვენ ვინ ხართო. იმათ უთხრეს, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექცია ვართო. [სააკაშვილმა] ეს ტანსაცმელი წაართვა და აღარ შედგა საპროცესო შეთანხმება", - ამბობს გვარამია.

გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძე, რომელმაც განაცხადა, რომ გამოკითხვა ვერ მოხერხდა, თუმცა პატიმარი თანახმაა ექსპერტიზაზე.

საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, რუსთავიდან გლდანის ციხეში გადაყვანის ფაქტს, რა დროსაც, ყოფილი პრეზიდენტის ცნობით, ბადრაგმა მასზე იძალადა და ტანსაცმელი შემოახია. 

სააკაშვილი ამბობს, რომ გუშინ, 8 ნოემბერს გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უარი განაცხადა მანქანიდან გადასვლაზე, თუმცა გადაათრიეს მანქანიდან კრიმინალების გინების ქვეშ, გაათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა. პირველი შემოწმების დროს, ლომჯარიამ თქვა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორედ გლდანის ციხის საავადმყოფოს შემოწმება 4 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საავადმყოფო სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.


close დახურვა