logo
ENG



გვარამია: გინება გრძელდება მუდმივად, სააკაშვილის პალატაში ისმის

09 ნოე 202120:54
3 წუთის საკითხავი
 
გვარამია: გინება გრძელდება მუდმივად, სააკაშვილის პალატაში ისმის

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, მე-18 სამედიცინო დაწესებულების პატიმრების ხმაური და გინება მუდმივად ისმის. მისივე თქმით, გინება ისმის სააკაშვილის პალატაშიც.

ნიკა გვარამიამ ყვება, რომ ციხის კლინიკაში შესვლისას პატიმრები მასაც აგინებდნენ. ის დარწმუნებულია, რომ პატიმრებს მიზანმიმართულად აყვირებენ. 

"მთელი გაყოლების განმავლობაში, სააკაშვილის დედის გინება, უმძიმესი ტექსტები, აი, წარმოიდგინეთ გიული ალასანია რომ უნდა მოვიდეს და შვილს უნდა შეხვდეს. ზუსტად იგივე გზა უნდა გაიაროს. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მან ეს გზა უნდა გაიაროს? ან მისმა შვილებმა? [...]

პალატაში სულ ისმის [გინება], მიხეილ სააკაშვილი იძულებულია ტელევიზორის ხმას აუწიოს, რომ არ ესმოდეს და ქვემოთ სადაც დაკითხვების ოთახია, იქაც ისმის. ეს არის უწყვეტი. დღეს ინსპექტორის წარმომადგენლის ხათრით ცოტა შეწყვიტეს, მაგრამ მუდმივად ისმის [ხმაური], ღამის განმავლობაშიც", - თქვა გვარამიამ.

სააკაშვილის მიმართა უფლებების დარღვევის გამოსაძიებლად სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენლები მივიდნენ. გვარამიას თქმით, სააკაშვილს დაცვის უფლება აქვს წართმეული, რადგან კომუნიკაცია გართულებულია.

"მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, ის მარტივად არ გადაადგილდება, მასთან პალატაში არ გვიშვებენ. უნდა ჩამოვიდეს ხუთ სართულს, შემოვიდეს ოთახში, იქ ხმაგაუმტარი მინაა, ჩემთან ერთად არის მეორე ადვოკატი და არის ინსპექტორის გამომძიებელი. მესაუბრება ტელეფონით, მე მერე ვეუბნები სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს ან მეორე ადვოკატს, ის მეუბნება კითხვას, მერე უნდა დავუსვა კითხვა და ა.შ. ეს პროცედურა არ ჩატარებულა, რადგან ასე ფაქტების დადგენა არის შეუძლებელი. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატების კომუნიკაცია ეფექტურად არის შეზღუდული", - განაცხადა გვარამიამ.


close დახურვა