logo
ENG



გზების გადაკეტვის შემდეგ ბჟანიამ ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

12 ნოე 202410:52
3 წუთის საკითხავი
 

ავტომაგისტრალის გადაკეტვის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა დმიტრი კუჩუბერიამ სოხუმში მომხდარს "მასობრივი არეულობები" უწოდა.

"არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც რესპუბლიკური გზის უკანონო გადაკეტვით არის გამოწვეული, რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია", - აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა მოახსენეს უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით მიღებული ზომების შესახებ".

დე ფაქტო გენერალური პროკურორის ადგურ აგრბას განცხადებით, ორშაბათს "პარლამენტის რიგგარეშე სხდომის შემდეგ, ხუთმა მოქალაქემ, რომლებიც ეროვნული კრების ეზოში იმყოფებოდნენ, რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს". ტელეგრამ არხებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საუბარია ალმას აკაბაზე. ინციდენტში მონაწილე ხუთი პირი დააკავეს.

აგრბას თქმით, დაკავებულების ნათესავებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში შეჭრა სცადეს, რათა დაკავებულების გათავისუფლება მოეთხოვათ.

ტელეგრამ არხებში ღამით ე.წ. დეპუტატთან დაპირისპირების სავარაუდო ვიდეო, ასევე შემდგომში ოპოზიციონერების დაკავების ვიდეო გავრცელდა.

ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ დაკავება უკანონო და არაპროპორციული იყო იმასთან შედარებით, რაც მოხდა. დაკავებულები არიან ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლა გვარამია.

"თვითონ დაკავების სტილი ისეთი იყო, თითქოს განსაკუთრებულად საშიშ დამნაშავეებს აკავებდნენ. ვინმეს რომ დაებარებინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ისინი თვითონ მივიდოდნენ იქ", - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ.

მომიტინგეები ღამით დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს. ე.წ. პრეზიდენტის შენობასთან კი სამხედრო ტექნიკა განალაგეს.

ოპოზიციის ინფორმაციით, პროტესტის მონაწილეებმა სოხუმისკენ მიმავალი სამი მთავარი გზა გადაკეტეს - გუმისთის ხიდი, ქვედა გუმისთის ხიდი და კოდორის ხიდი.


close დახურვა