logo
ENG



გია უდესიანისა და ზაზა გუგავას მიმართ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

04 ნოე 201918:16
3 წუთის საკითხავი
 
ye6zu7aet2pedpm.jpg

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე გია უდესიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო გამოძალვაში მონაწილე ზაზა გუგავას მიმართაც. 

ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, ბიზნესმენი ე.ლ. ძალადობის გამოყენებითა და მუქარით მოიტაცეს რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი აფთიაქიდან, იძულებით მოათავსეს იქვე მყოფ ავტომანქანაში, აღუკვეთეს თავისუფლად გადაადგილების უფლება და მისივე ნების საწინააღმდეგოდ, გადაიყვანეს „ზაჰესში“ მდებარე საბაჟო ტერმინალში, სადაც გია უდესიანი და ზაზა გუგავა იარაღის მუქარითა და სხვა უკანონო ზემოქმედებით მოითხოვდნენ მისგან ქონების დათმობას მათთვის სასურველ პირზე გადაფორმების გზით. 

დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად, ე.ლ-მ შპს ,,ბარდნალაში’’ მისი კუთვნილი 30%-იანი წილი და მის პირად საკუთრებაში არსებული, ცაგერის რაიონის სოფელ ჩქუმში მდებარე მიწის  ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, გადააფორმა მოქალაქე მ.ც.-ზე ისე, რომ სანაცვლოდ თანხა არ მიუღია.

„მიუხედავად იმისა, რომ გია უდესიანი არის ძებნილი, მისი და ზაზა გუგავას მიმართ ბრალდების წარდგენა მოხდება საპროცესო პროცედურების დაცვით,“ - აცხადებენ პროკურატურაში.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ზაზა გუგავას უშუალოდ წარედგინება ბრალდება, ხოლო გია უდესიანის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება გასაცნობად წარედგინება მის ადვოკატს. საგამოძიებო უწყება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით.  


close დახურვა