სერბეთის უმაღლესმა სასამართლომ ოფიციალურად დაასრულა სამართალწარმოება ცხრა სტუდენტის წინააღმდეგ, რომლებსაც კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდებაში ედებოდათ ბრალი.
პროკურატურამ მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო ბრალდებები მოხსნა.
იუსტიციის სასახლის დატოვების შემდეგ სტუდენტებმა განაცხადეს, რომ სასამართლო პროცესი სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
ცხრა სტუდენტი 2025 წლის 29 ივნისს, ბელგრადში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციის მეორე დღეს დააკავეს. მათ ბრალი ედებოდათ საპროტესტო აქციების რადიკალიზაციის დაგეგმვაში, რისთვისაც, პროკურატურის მტკიცებით, იმავე თვის დასაწყისში ბელგრადის სამშენებლო ფაკულტეტსა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე გამართულ შეხვედრებზე მსჯელობდნენ.
საპროტესტო აქციამდე ამ შეხვედრების დროს ფარულად ჩაწერილი საუბრები პროსამთავრობო ტელეარხებით გავრცელდა. პროკურატურის ინფორმაციით, სტუდენტები, სხვა საკითხებთან ერთად, რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულების ბლოკირების გეგმებს განიხილავდნენ.
2026 წლის 11 სექტემბერს ბელგრადის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სერბეთის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სააგენტოს (BIA) მიერ ფარული თვალთვალის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები უკანონოდ იყო შეგროვებული და საქმეში არ უნდა გამოყენებულიყო. ოქტომბერში სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
9 ნოემბერს ბელგრადის უმაღლესმა პროკურატურამ განაცხადა, რომ სტუდენტების წინააღმდეგ ბრალდებები მოხსნა.
სტუდენტების ადვოკატმა, აღნიშნა, რომ პროკურორების მიერ ბრალდებების მოხსნა იშვიათი შემთხვევაა.
მისი თქმით, იმედი აქვს, რომ ეს იქნება "იმ დრამის საბოლოო აქტი, რომელიც მოქმედმა ხელისუფლებამ ახალგაზრდების წინააღმდეგ მოაწყო".
