თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე იმსჯელებენ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
უგულავას პროცესზე დაცვის მხარე მოწმეს წარადგენს, რომელიც გიორგი კაპანაძის იგივე „რიჟას“ ჩვენების სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.
„გაგრძელდება სასამართლო პროცესი. დაცვის მხარე წარადგენს მოწმეს, რომელიც ისაუბრებს, რომ ბრალდების მხარის ვერსია თითიდან გამოწოვილია და არანაირ სამართლებრივ საფუძვლებს ემყარებოდა ის მოთხოვნები, რასაც პროკურატურა ითხოვდა ამ საქმეზე სხვადასხვა ბრალდებულ პირთა მიმართ. აქამდე ორი მოწმე წარვადგინეთ, რომელთაც გიორგი კაპანაძის ჩვენება, ფაქტობრივად, გააბათილეს“, - განაცხადა უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
შეგახსენებთ რომ, „ქართული ოცნების“ მთავარი მოწმის გიორგი კაპანაძის ჩვენების საფუძველზე 2014 წელს გიგი უგულავა ფულის გათეთრების ბრალდებით, ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურის წინ დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, ოფშორში დარეგისტრირებული ფული, რომელიც საქართველოში გაანაღდეს, უგულავას არჩევნებისთვის სჭირდებოდა.