logo
ENG



გიგი უგულავა: დიდი ცვლილებების ეპოქა იწყება, ივანიშვილის დრო წასულია

16 მაი 202014:48
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს საერთაშორისო პარტნიორები შეცდომებს აღარ აპატიებენ, რადგან ყველამ იცის მათი ტყუილების შესახებ.

მისი განცხადებით, თავად „ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც კი აღიარებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დრო წასულია. 

„ივანიშვილმა ჩემდა გასაკვირად მოახერხა, რომ მათმა მომხრეებმაც დაინახეს, ივანიშვილის დრო რომ წასულია. საერთაშორისო საზოგადოება მას აღარაფერს აპატიებს. არაფერი აღარ გეპატიება მაშინ, როდესაც წამდაუწუმ ატყუებ პარტნიორებს. 

ერთობა იქნება მაჟორიტარების ნაწილში, იმიტომ რომ ხელისუფლების მიტაცებას ივანიშვილი კვლავ მაჟორიტარების საშუალებით ეცდება. პროპორციული არჩევნები ადამიანს აძლევს თავისუფლებას და არჩევანის თავისუფლება ადამიანს აძლევს პასუხისმგებლობას. 

უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო მომდევნო 10 წელიწადში შედის სრულიად ახალ პოლიტიკურ ცხოვრებაში. იქნება მრავალპარტიული სისტემა და ჩვენი ამოცანაა, რომ ამ სისტემამ იმუშაოს და მოქალაქეებს კეთილდღეობა მოუტანოს. 

მომდევნო 3 ან 4 წელიწადში გადავალთ სრულიად პროპორციულ სისტემაზე, რაც ნიშნავს რეალურ მრავალპარტიულობას, დაპირისპირებულების შეთანხმებას, გამორიცხავს ციხეებში პოლიტიკურ ძალადობას ოპონენტებზე და გამორიცხავს სასამართლო პოლიტიზებას. დიდი ცვლილებების ეპოქა იწყება“, - აცხადებს გიგი უგულავა.


close დახურვა