ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის" თავჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ონლაინ რეჟიმში ევროკომისარ იანეს ლენარჩიჩის ესაუბრა.
საუბარი შეეხო კრიზისების მართვას და იმ სტრატეგიას, რომელიც ევროკავშირს აქვს წევრ ქვეყნებთან და საქართველოსთან მიმართებით.
გიგი წერეთელმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ასევე ისაუბრა ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებასა და კორონავირუსისგან გამოწვეულ კრიზისზე.
"ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა ევროკომისარ ლენარჩისთან, რომელიც ხელმძღვანელობს კრიზისების მართვის მიმართულებას ევროკავშირში და ეს ეხებოდა იმ სტრატეგიას, რომელიც აქვს ევროკავშირს დღეს, არა მარტო წევრ ქვეყნებთან, არამედ მეზობელ ქვეყნებთანაც, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით და განსაკუთრებით ხაზი გავუსვით ვითარებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე - იქ, სადაც მომატებული საფრთხეებია და განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო", - განაცხადა წერეთელმა.