logo
ENG



გივი მიქანაძე: ხვალ, თუნდაც არ შემოვიდეს ოპოზიცია პარლამენტში, დიალოგს გავაგრძელებთ

10 დეკ 202013:58
3 წუთის საკითხავი
 

მეათე მოწვევის პარლამენტის არჩეული დეპუტატი ქართული ოცნებიდან, გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ისინი ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, დიალოგს გააგრძელებენ. დღეს, 10 დეკემბერს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მანვე აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მზადაა ნებისმიერი საკითხის განსახილველად. 

"მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მზაობა 24-საათიან რეჟიმშია, რომ ჩავერთოთ და მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენ წარვადგინეთ წინადადებები და მზად ვართ, ნებისმეირ დროს ჩავერთოთ ამ მოლაპარაკებებში. 

ხვალ, თუნდაც დაფიქსირდეს ის, რომ არ შემოვიდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში, სრულად ან ნაწილობრივ, ეს არ ნიშნავს, რომ ამით დიალოგს ვაჩერებთ. მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის", - აცხადებს მიქანაძე. 

პოლიტიკური მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს, 10 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ჩაიშალა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმოამდგენლების მორიგი შეხვედრა. 

პოლიტიკური მოლაპარაკებების მე-5 რაუნდამდე ერთი დღით ადრე ქართული ოცნების ლიდერმა ბრიფინგზე რამდენიმე მესიჯი გააჟღერა, მათ შორის ის, რომ მმართველი გუნდი საპარლამენტო მანდატებს შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომლებიც "ოპოზიციის რადიკალი ლიდერების სცენარს ვერ შეეწინააღმდეგებიან" და შესაბამის განცხადებას წარადგენენ.

მისივე თქმით, ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, სახელმწიფო დაფინანსებითა და სხვა პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ.

მანვე გამოაცხადა, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების პირველივე დღეს დააინიცირებენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც 2020 წლის არჩევნების სამართლიანობას შეისწავლის. მისი მტკიცებით, ხოლო თუკი 1%-იანი გადაცდომა მაინც დაფიქსირდება, იგი პოლიტიკიდან წავა, ქართული ოცნება კი რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებს.

ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პარლამენტში დაინიცირდება კანონპროექტი, რომლის თანახმადაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. ასეთად მან დაასახელა: მოქალაქეობა და მსჯავრდებულობა. 

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე 1 დღე რჩება. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პარლამენტი 11 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე შეიკრიბება.


close დახურვა