logo
ENG



გივი ტატუნაშვილი: დააკავონ ჩემი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები, რომ სხვა არავინ გამწარდეს

22 თებ 202112:56
3 წუთის საკითხავი
 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 3 წელი გავიდა. 

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისი ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ და მოკლული ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს. 

არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გივი ტატუნაშვილმა თქვა, რომ ოჯახი მისი მკვლელობისა და წამებისთვის მსჯავრდებული 2 ოკუპანტის დაკავებას ითხოვს. 

"ჩემი შვილის მკვლელები არ დასჯილან. წამებასა და მკვლელობაში ვინც არიან დამნაშავეები, იმათ კი მიესაჯათ სამუდამო პატიმრობა, მაგრამ დღემდე დაუსჯელები არიან. ეს 2 ადამიანი იძებნება წითელი ცირკულარით. რუსეთი ინტერპოლის წევრი ქვეყანაა, მაგრამ... საერთაშორისო საზოგადოებამ, ქვეყნებმა მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე, რომ დააკავონ ის 2 ადამიანი, რომ აღარ მოხდეს სხვა ადამიანების გატაცება და დაკავება, ბოლო იყოს ჩემი შვილი, არ მოხდეს მკვლელობა, ციხეში ჩასმა. კიდევ არავინ გამწარდეს". - უთხრა მან. 

ყოფილი სამხედრო, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი წამებით მოკლეს. 

ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა.

ექსპერტიზის დასკვნით, ცხედარს, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნეს, მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი ეტყობოდა. 

საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეს, სახელწოდებით "ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ" სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაჩქარებული წესით განიხილავს. 


close დახურვა