logo
ENG



გიორგი გახარია გადადგა

18 თებ 202110:27
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი გახარია პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგა. განცხადება მან მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.

მისი თქმით, კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელი. 

გახარია ამბობს, რომ ამ საკითხში გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და სწორედ ამიტომ ტოვებს პოსტს.

"გუშინ საქართველოს სასამართლომ ბატონ მელიას აღკვეთი ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც დიდად არასდროს სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას და რომელიც 20 ივნისს მოუწოდებდა ჩვენს მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ და იყო ერთერთი ორგანიზატორი პარლამენტში შეჭრის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი. 

დღეს განსაკუთრებით, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია თვითონ ქვეყნის განვითარების და შემდგომ ქვეყნის უსაფრთხოების და მომავლის რისკებს ქმნის, მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ვებრძვით გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონალურ გამოწვევებს და რაც მთავარია, ჩვენ ყველანი ვებრძვით პოლარიზაციას, რათა უკეთესი შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკი და როდესაც არ იარსებებს არანაირი რისკი, არც ერთი, მიუხედავად პოლიტიკური მიზანშეწონილობის ან პოლიტიკური ორიენტაციისა, თითეული ჩვენი მოქალაქის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შექმნის არანაირ საბაბს ქვეყანაში ესკალაციის.

ამიტომ, იქედან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავებისთვის", - თქვა გახარიამ.

ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით გუშინ, 17 თებერვალს შეუცვალა. მელია მხარდამჭერებთან და ოპოზიციის ლიდერებთან ერთად პარტიის ოფისში იმყოფებოდა, სადაც ღამე გაათენა. დღეს დილით ოფისში მელიასთვის განჩინების ჩაბარებისა და მისი დაკავების მიზნით პოლიცია მივიდა, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს. 


close დახურვა