logo
ENG



გიორგი ვაშაძე:საარჩევნო სისტემა მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული პროპორციულ არჩევნებთან

10 თებ 202014:37
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები 3 საათზე დაიწყება. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, საარჩევნო სისტემის რა კომპრომისულ ვერსიაზე შეჯერდებიან ხელისუფლების ოპონენტები.

„ფორმულას“ ინფორმაციით, ოპოზიცია ორ ვერსიაზე მუშაობს. ერთი ვერსიით მანდატები 130/20ზე გაიყოფა, მეორე ვერსიით კი 135/15ზე. კონკრეტულად რომელ ვერსიაზე შეჯერდება ოპოზიცია ეს უკვე ცნობილი გახდება აღნიშნული კონსულტაციების დასრულების შემდეგ. 

„იმ საკითხზე, რაზეც არის უპრეცენდენტო ერთობა ოპოზიციური პარტიების, ვგულისხმობ თამაშის წესებზე შეთანხმებას პროპორციულ არჩევნებს, ჩვენ ვიკრიბებით ლეიბორისტულ პარტიაში, სადაც ძალიან პროდუქტიულად მიდის პროცესი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია-ხელისუფლების მეხუთე რაუნდზე ხელისუფლებამ ისეთი საარჩევნო სისტემა წარმოადგინოს, რომელიც პროპორციულ სისტემასთან იქნება მიახლოებული.

„ჩვენ ადგილებით არ ვაჭრობთ, საარჩევნო სისტემა მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული პროპორციულ არჩევნებთან, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოორდინაცია იყოს ოპოზიციის მხარეს. ჩემთვის სამუშაო ვერსია არის გერმანული მოდელი, დანარჩენი სამუშაო ვერსიები მზად ვარ, რომ მოვისმინო“, - აცხადებს ვაშაძე.

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიცია 100/50-ზე საარჩევნო სისტემას არ დათანხმდება, თუმცა მისივე განმარტებით ოპოზიცია ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ისეთ ვარიანტს დათანხმდება, რომელიც ოპოზიციისთვის იქნება გონივრული.

„100/50-ზე არა. მითუმეტეს იმ შემოთავაზებით, რომ 2024 წელს და მუდმივად პროპორციულზე უარი უნდა ვთქვათ. იქ არც ბარიერზე იყო საუბარი, არც ბლოკებზე. არის ვარიანტები, რომლებიც როგორც გითხარით გონივრული გადმოსახედიდან მისაღები უნდა იყოს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


close დახურვა