logo
ENG



გიორგი ვაშაძე: ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომა გვექნება, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ

09 დეკ 202020:08
3 წუთის საკითხავი
 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ხვალ გამართავენ პოლიტიკური საბჭოს სხდომას, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, რა ფორმით ჩაერთვებიან პოლიტიკურ პროცესში. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ლელოს ოფისში, ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

"დიპლომატებისგან ველოდები როდის გაიმართება [მეხუთე რაუნდი]. ძალიან დაამძიმა ფონი კობახიძის განცხადებამ. ხანგრძლივი მსჯელობა გვქონდა. იყო მის განცხადებებში შემოთავაზებები, თუმცა ყველაფერი გადაფარა იმ ნეგატიურმა კომპონენტმა", - აცხადებს ვაშაძე.

დღეს, 10 დეკემბრის შეხვედრების დროს გიორგი ვაშაძე აცხადებდა, რომ ის და მისი თანაპარტიელები, საერთო ოპოზიციური შეთანხმების არშესრულების შემთხვევაში, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. 

ვაშაძეს მიაჩნია, რომ სანამ მოლაპარაკებების რესურსი არსებობს, ოპოზიციამ შემაჯამებელი განცხადების გაკეთება არ უნდა იჩქაროს. ვაშაძემ აღნიშნა, რომ 10 დეკემბერს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ელჩების მედიაციით, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე 2 დღე რჩება. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პარლამენტი 11 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე შეიკრიბება.

ამასთან, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ხელისუფლება საპირისპიროს იმედოვნებს. მხარეებს შორის, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, შეხვედრები მიმდინარეობს. მომდევნო და, სავარაუდოდ, გადამწყვეტი რაუნდი ხვალ, 10 დეკემბერს აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გაიმართება. 


close დახურვა