logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "სამარხვო" სახელმწიფოდან "სამარხვო" სოლიდარობამდე

16 მარ 202221:44
3 წუთის საკითხავი
 

საქართველო მართლმადიდებელი ქრისტიანების უმრავლესობით დასახლებული ქვეყანაა. ჩვენს ნაწილს წმინდა წერილი წაუკითხავს, ნაწილს ტაძარში მოძღვრისგან, ან ეკლესიის ეზოში აღებული მრევლის ინტერვიუდან მაინც მოუსმენია, რომ დიდი მარხვის დროს განსაკუთრებული სიმშვიდე, მიმტევებლობა და სათნოება გვმართებს.

ალბათ ამიტომაცაა, რომ ქართული საპატრიარქო საოცარ გულგრილობას? ბოდიში გულცივობას? არა, უკაცრავად "გულმშვიდობას" ინარჩუნებს და დიდი მარხვის დროს, პატრიარქ კირილეს მიერ ნაკურთხი ტონიანი ჭურვებით მესამედი უკრაინის განადგურებას არ იმჩნევს... უფრო სწორედ ამჩნევს, მაგრამ სადღაც იქ შორს... თუ შევიმჩნევთ, სახელიც უნდა დავარქვათ. კაცობრიობის, ყოველივე ადამიანურის და ქრისტიანობის მტერს - მტერი უნდა ვუწოდოთ და თუ მტრული არა, როგორც მინიმუმ - მოყვრული ურთიერთობა არ გვქონდეს.

მაგრამ პრაგმატული პოლიტიკა?!

ყველაფერს, რასაც დღეს საქართველოში ვხედავთ "სამარხვო" ნამცხვრის სურნელი ასდის:

კონსტიტუციურად გვაქვს გარანტირებული დემოკრატია, მაგრამ ერთი კაცი, როგორც ახლობლები მოფერებით ეძახიან - ბორენკა, ჩრდილიდან მართავს ქვეყანას. თუ რომელიმე ინსტიტუტმა ურჩობა, ან არასათანადო მორჩილება აჩვენა, უბრალოდ აუქმებს; შესაბამისად გვაქვს შინაარსისგან დაცლილი, ფორმალური "სამარხვო" დემოკრატია; და ასეთივე, ფორმალურად დეკლარირებული, ღირებულებები და ქმედება გამოცლილი "სამარხვო" პროდასავლური კურსი.

გვყავს მთავრობა, რომლის მეთაურისთვისაც საპარლამენტო არჩევნებზე ხმა, თვით მმართველი პარტიის მხარდამჭერებსაც კი არ მიუციათ. სხვას მიცეს, ორს, რომელთაგან ერთი ფორმალურად პოლიტიკაში აღარაა და მეორე მათთან აღარაა. ანუ გვყავს აურჩეველი, ლეგიტიმაციას მოკლებული "სამარხვო" მთავრობა;

გვყავს ბევრისთვის მიუღებელი ფორმით, მაგრამ მაინც არჩეული პრეზიდენტი, სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც როგორც იქნა საერთაშორისო დონეზე მაინც, კონსტიტუციით და საპარლამენტო აქტებით განსაზღვრული დასავლური კურსის განხორციელება დაიწყო და მაშინვე სახლში დამწყვდევით და იმპიჩმენტით დაემუქრნენ. უნდა იყოს ჩუმად და რასაც ეტყვის ღარიბაშვილი და კობახიძე ის გააკეთოს, ან არ გააკეთოს. ასეთი უნდა იყოს "სამარხვო" პრეზიდენტი.

გვაქვს პარლამენტი. მიუხედავად იმისა, რომ ხალხის უმრავლესობას ხმა არ მიუცია, ისე იქცევა, თითქოს უმრავლესობას წარმოადგენდეს. ევროკავშირის დროშების დახევა-დაწვის შუალედებში, გახსნა-დახურვის დროს დროშასაც წევს და ჰიმნსაც უკრავს, მაგრამ, პარლამენტარებისვე ინიციატივით, პრეზიდენტის მიერ დანიშნულ სხდომას არ ატარებს, იმიტომ რომ ვიღაცამ გადაწყვიტა და დარბაზის კარი არ გააღეს. მოკლედ გვაქვს საკანონმდებლო და საზედამხედველო ცხოვრების იმიტაციის შემქმნელი"სამარხვო" პარლამენტი.

გვაქვს მედია, ხელოვნურად პოლარიზებული, მთავრობის მიერ ბოიკოტირებული, სულ გადარჩენისთვის მებრძოლი. ადგილი, სადაც საზოგადოება საკუთარ თავს უნდა ესაუბრებოდეს, საერთო საფრთხეების იდენტიფიცირებას მაინც ახდენდეს - რუსული ჰიბრიდული ომის პოლიგონია. დანარჩენები მოგერიებაზე ვართ გადასული, ფაქტობრივად ველზე მარტო დარჩენილები. ამიტომაც გვაქვს არა პლურალისტური, ფაქტებზე დამყარებული ინფორმაციის მიმტანი, არამედ უმთავრესად უკვე ხელოვნურად ფორმირებულ განწყობებსა და დამოკიდებულებებზე გამობმული მედიაპოლიტიკა და შესაბამისად "სამარხვო" მედია.

დიდი ხანია გვაქვს სასამართლო, მანტიებით, პროცედურებით, ადვოკატებით, პროკურორებით. მართლმსაჯულების პროცესის იმიტაციით. პოლიტპატიმრებით და სტრასბურგში სამართლის მპოვნელთა რიგით. მონა-მორჩილობის კლანური ინგრედიენტით გაზავებული სამარხვო "სასამართლო".

ვინახავთ კარგად ჩაცმულ-დახურულ და აღჭურვილ პოლიციას და უშიშროებას. კრიმინალთან ერთად საარჩევნო ტანგოს მოცეკვავეებს. მათი ხელმძღვანელები მოზარდებზე, ქალებსა და დაუცველ ჟურნალისტებზე მოძალადეების, სახელმწიფოს ინტერესების ძირგამომთხრელების მიმართ ან ინერტულები, ან უკეთეს შემთხვევაში ლმობიერებით არიან ცნობილი. სამაგიეროდ "პუტინ ხუილოს" და გავრილოვების დედების უდიერად ხსენების გამო გასაოცარი ოპერატიულობით, "გულადობით" და სიმკაცრით გამოირჩევიან. ანუ გვყავს "სამარხვო" პოლიცია და "სამარხვო' უშიშროება.

ოპოზიციაც გვყავს. ზიგზაგებით, წინ და უკან სიარულით, სადაც საჭიროა ერთიანობის არ შემძლე და სადაც საჭიროა მრავალფეროვნების დამაჯერებლად ვერ მჩვენებელი. არაერთგზის გმირად ტრანსფორმირებული ანტიგმირებით. ბევრი წაგებით. უფრო სწორედ - მოგების ვერ დამაგრებით. პროვინციულ ავტორიტარიზმად ქცეული, შიგნიდანაც და გარედანაც ფაქტობრივად დელიგიტიმიზირებული რეჟიმის დამარცხების ერთიანი სტრატეგიის არქონით.
მოკლედ ეს ვართ ჩვენ - "სამარხვო" ხალხი... ვინც ასეთად არ მიიჩნევთ საკუთარ თავს, მშურს და ვამაყობ თქვენით... უბრალოდ თქვენც ხვდებით, რომ რაღაც ძირეულად თუ არ შევცვალეთ, ასეთებისთვის აქ ადგილი უბრალოდ აღარ იქნება.

არა, იქნება სახელმწიფო. სახელმწიფოს იმიტაცია. "სამარხვო" სახელმწიფო. შინაარსის, თავისუფლების სულის და გემოს გარეშე, რომელსაც მის ბედთან ყველაზე ახლოს მყოფი ქვეყნის მიმართ ღირსეული სოლიდარობის გამოხატვაც არ შეუძლია. აქაც ზუსტად ის გვაქვს რაც სახელმწიფოს შემთხვევაში: - "სამარხვო" სოლიდარობა.


close დახურვა