logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "არა - საოცნებო" ამბიონი

11 ნოე 202621:10
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/11/58sqcj2swdi5ww0.jpeg

რა თქვა ისეთი მეუფე იობმა, რომ „ქართულ ოცნებას“ და მის მხარდამჭერებს მისთვის პასუხად რუსული გინება, ქვეყნის მტრისა და აგენტის იარლიყები და შეურაცხყოფაღა დარჩათ? 

ურბნისის საკათედრო ტაძარში, მიტროპოლიტმა თქვა, რომ ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები ამოწურა და მომავალში უკეთესი უნდა ავირჩიოთ. იმ ხელისუფლებაზე თქვა, რომლის მოსვლასაც, როგორც თავადაც გაიხსენა, მხარი დაუჭირა და ჩვენის მხრივ თამამად შეგვიძლია დავამატოთ, რომ საარჩევნო შედეგზე ამ მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რატომ მივიდა ამ დასკვნამდე და რამდენად ამყარებს მის ნათქვამს ის, რაც ქვეყანაში ხდება.

„ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის“, თქვა მეუფე იობმა. და მოდით ვნახოთ რას ამბობდა ამ ხელისუფლების დამფუძნებელი საკუთარ თავზე? 2005 წელს, „ვედომოსტისთან“ თავის პირველ ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილმა გარკვევით ჩამოაყალიბა და ახსნა მისი რელიგიურობის ხარისხიც და სტატუსიც: „მე მატერიალისტი ვარ, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არ მჯერა“ - ეს ციტატაა ივანიშვილის ინტერვიუდან.  ექვსი წლის შემდეგ, გარკვეული კორექტივი - ქართულ ტელეეთერში მოვისმინეთ, ბატონმა ბიძინამ ქრისტიანობა საკუთარ კულტურულ  იდენტობად დაასახელა და თქვა, რომ ადრინდელ სიტყვებზე უარს კვლავაც არ ამბობდა. 

მისი პირადი რწმენა მისი საქმეა. მაგრამ როცა მისი პარტია საზოგადოებას მართლმადიდებლობის სახელით ელაპარაკება და ოპონენტებს ამავე ღირებულებების მტრებად და მეტიც სატანისტებად წარმოაჩენს, უკვე გვაქვს უფლება ვიკითხოთ, რისთვის სჭირდება ხელისუფლებას ეკლესიის ავტორიტეტი.

მეუფე იობმა ამ კითხვას სხვა მხრიდანაც შეხედა. საპატრიარქოსთვის წლევანდელ ბიუჯეტშიც სოლიდური თანხაა გამოყოფილი. იცის კი სამღვდელოების აბსოლიტურმა უმრავლესობამ და მრევლმა, როგორ იხარჯება ეს ფული? და შეუძლია მის მიმღებს, თავისუფლად გააკრიტიკოს ის, ვინც აფინანსებს? - მნიშვნელოვანი შეკითხვებია.

მეუფე იობმა სუს-ის კრებსებიც გაიხსენა. ჯერ კიდევ 2014 წელს ივანიშვილი დაუპირისპირდა საზოგადოების აბსოლიტურ უმრავლესობაში წლების განმავლობაში დამკვიდრებულ კონსენსუსს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კრიტიკის მიმართ. თქვა, რომ ეკლესიის კრიტიკა ტაბუ აღარ უნდა იყოს და პატრიარქიც შეიძლება შეცდეს. შვიდი წლის შემდეგ გასაჯაროვდა წლების განმავლობაში ნაგროვები ფაილები, რომლებიდანაც  გამოჩნდა, როგორ უთვალთვალებდნენ სინოდის წევრებს და სამღვდელობას, როგორ აგროვებდნენ ცნობებს თავად ილია მეორეზე და როგორ ითვლიდნენ, ვინ ვის მისცემდა ხმას მისი მემკვიდრის არჩევისას.

ერთიანად გამოქვეყნებულ ათასობით ჩანაწერში შეუძლებელი იყო გაგერჩია, სად იყო ფაქტი და სად დაუდასტურებელი და გამოგონილი ამბავი, ან უბრალოდ არსწორად ინტერპრეტირებული ცნობები. ეკლესიის რეპუტაციას მანამდე არნახული მასშტაბის ზიანი მიადგა. მეუფე იობი ამას განზრახ დისკრედიტაციას არქმევს. ფაქტია, რომ ამ საქმეზე საზოგადოებას არც დასჯილი თანამდებობის პირები უნახავს და არც ვინმე, ვინც პოლიტიკური პასუხისმგებლობას აიღებდა. იმდროინდელი სუს-ის უფროსმა კიდევ წლები უპრობლემოდ დაჰყო თანამდებობაზე და  ახლახანს ცამეტი წელი მიესაჯა ქრთამის აღებისთვის.

მეუფე იობი აკრიტიკებს მთავრობას, იმის გამო რომ ხელისუფლება აზარტულ თამაშებს და შესაბამისად ჩვენი მოქლაქეების თამაშდამოკიდებულების ზრდას ხელს უწყობს. 

28 ოქტომბერს პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა მოსაკრებლის შეღავათი საერთაშორისო აზარტული ტურნირების ორგანიზატორებისთვის. საპატრიარქოს წარმომადგენელმა თქვა, შეკითხვების დასმაც ვერ მოვასწარითო. კანონის მიღების შემდეგ თავად შიო მესამემაც იქადაგა, რომ ცოდვის გზით მიღებული შემოსავლით ვერავინ იხეირებს. და ეს იმ სექტორზეა საუბარი, რომლის ბრუნვამაც შარშან 88 მილიარდ ლარს გადააჭარბა. რას ედავებიან ამ ნაწილში მეოცნებეები და მათი პროპაგანდისტები მეუფე იობს? კანონს, რომელიც თვითონ მიიღეს, თუ პატრიარქის და ფაქტობრივად მთელი საპატრიარქოს შეფასებასაც?

მეუფე ქადაგებაში ამბობს იმას, რასაცთვად ოცნების ოფიციალური სტატისტიკა ციფრებით გვიყვება: ახალგაზრდები მიდიან, სოფლები იცლება და გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულთა რაოდენობას აჭარბებს. 2023 წელს საქსტატმა ემიგრანტად საქართველოს 163 ათასზე მეტი მოქალაქე აღრიცხა. შარშან კი ქვეყანაში შემოსული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ გასულებისას გადააჭარბა. შარშანვე 38 ათასი ადამიანი დაიბადა და 44 ათასზე მეტი გარდაიცვალა. ამავე ციფრებით ჩანს, რამდენად სერიოზულია კითხვა, რომელსაც ის სვამს. რა პირობები გვაქვს შექმნილი იმისთვის, რომ ახალგაზრდამ სამუშაო და ოჯახის რჩენის შესაძლებლობა საკუთარ ქვეყანაში იპოვოს?

და ბოლოს, „კორუფცია ყვავის საქართველოში“. ვინ მიაწოდა მეუფე იობს ამ შეფასებისთვის ყველაზე მძიმე არგუმენტები? თავად ამ ხელისუფლების პროკურატურამ. პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, სუს-ის უფროსი და კიდევ რამდენი უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის საქმეები პირდაპირ მიგვითითებს, რომ მართვის მთელი სისტემა კორუმპირებულია და სწორედ როგორც მიტროპოლიტი თავის ქადაგებაში ამბობს ,,აღებ-მიცემობაზე“ დგას. 

 „ქართულ ოცნებას“ ამბიონიდან პოლიტიკური სიტყვა აქამდეც არაერთხელ წარმოუთქვამს. როცა ეკლესიის ავტორიტეტი საკუთარი პოლიტიკის გასამართლებლად და ოპონენტების გასარიყად სჭირდებათ, ტაძარში პოლიტიკაზე ლაპარაკი - ივანიშვილს, კობახიძეს თუ პაპუაშვილს მშვენივრად გამოსდით. გუშინ კი იმავე ეკლესიის ერთ-ერთმა გავლენიანმა მიტროპოლიტმა მათივე კანონებზე, მათივე სპეცსამსახურსა და მათივე დანიშნულ მოხელეებზე ილაპარაკა. და უცებ პრობლემა ის აღმოჩნდა, რომ ეს სიტყვები ამბიონიდან გაისმა.

მოკლედ შევაჯამოთ:

მეუფე იობმა თქვა, ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები ამოწურაო. თქვა ხელისუფლებაზე, რომლის მოსვლასაც 14 წლის(!), 14 წლის წინ თავად დაუჭირა მხარი.

და რით დაასაბუთა მისი ეს პოზიცია? ეჭვი გამოთქვა ხელისუფლების წარმომადგენელთა ეკლესიურობაზე, ანუ მიტროპოლიტმა, სინოდის წევრმა აზრი გამოთქვა რწმენაზე, რომლის სახელითაც „ოცნება“ ოპონენტებს სატანისტებად აცხადებს. კითხვები დასვა ეკლესიის დაფინანსების არაჯანსაღ მოდელსა და სუს-ის კრებსებზე, რომელზეც წლებია პასუხი არავის უგია, აზარტული თამშების ჰაბად საქართველოს ქცევაზე, რომელსაც პარლამენტმა საპატრიარქოს წინააღმდეგობის მკიუხედავად ახალი შეღავათი დაუწესა. ახალგაზრდებზე, რომლებიც მომავალს სამშობლოში ვეღარ ხედავენ და სოფლებსა და ქალაქებზე, რომლებიც იცლება. კორუფციაზე, რომლის მასშტაბიც ამავე ხელისუფლების პროკურატურის ტომებსა და სასამართლოების განაჩენებში ჩანს.

ამიტომ მიტროპოლიტმა თქვა - მომავალში უკეთესი უნდა ავირჩიოთო.

და რას ედავება ხელისუფლება მეუფე იობს? იმას, რაც თქვა, თუ იმას, რომ ეს მისგან მოისმინა იმ ხალხმა, რომელსაც წლების განმავლობაში თავად ელაპარაკებოდა ეკლესიის სახელით?


close დახურვა